Thumbnail

უკრაინიდან უნგრეთში - თემურ ფარცვანიამ სკანდალის შემდეგ კლუბი სწრაფად იპოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ქართველმა მცველმა უნგრულ კიშვარდასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ფარცვანია მომავალ სეზონში უნგრეთის ელიტურ დივიზიონში ითამაშებს

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი მცველი თემურ ფარცვანია კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ერთი თვის წინ დონეცკის ოლიმპიკი სკანდალით დატოვა, კიშვარდას ღირსებას დაიცავს. უნგრულმა კლუბმა ფარცვანიასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კიშვარდამ უნგრეთის რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილი უკვე გაინაღდა და მომავალ სეზონში ელიტურ დივიზიონში - OTP Bank Liga-ში იასპარეზებს, სადაც ამჟამად სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის. უმაღლესში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ბალმაზივაროშის ღირსებას ბაჩანა არაბული, ლაშა შინდაგორიძე და ირაკლი მაისურაძე იცავენ.

თემურ ფარცვანია კიევის დინამოს აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი ზაპოროჟიეს მეტალურგის, ლუცკის ვოლინისა და ჩერნიგოვის დესნას ღირსებას იცავდა. ბოლოს ის დონეცკის ოლიმპიკში გადამოიდა, სადაც 7 მატჩში ჩაატარა და აპრილში სკანდალით ვადამდე გაეყარა. 

ქართველ მცველს კლუბმა ჩერნომორეცთან მატჩის განზრახ ჩაგდება დააბრალა. ინციდენტის შემდეგ ფარცვანია სიცრუის დეტექტორზეც შეამოწმეს, საქმეს კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა შეისწავლა და ფეხბურთელი დამნაშავედ არ ცნო. საბოლოოდ ფარცვანიამ ოლიმპიკთან კონტრაქტი ვადამდე გაწყვიტა.

თემურ ფარცვანიასთვის კიშვარდი უკრაინის საზღვრებს გარეთ პირველი კლუბი იქნება. 

ფეხბურთელს, რომელსაც უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებისა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილიც გამოუთქვამს.

კომენტარები

ბოლო ამბები