Thumbnail

კახა კალაძე: შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების კარგი მწვრთნელი იქნებოდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ამჟამად კი, თბილისის მერმა კახა კალაძე შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ეროვნული გუნდის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. აი, კალაძის კომენტარი:

“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, მისი უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამასთან, ბევრი ძლიერი და წარმატებული ფეხბურთელი გვჭირდება. იმედია, ისინი იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“.

კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მოსწონს.

"ძალიან სამწუხარო იყო ის წაგებები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს. იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სექტემბერში ჩატარებული 3 წარუმატებელი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები და მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი გააკრიტიკა, რასაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ რამდენიმე განცხადება გაცვალეს და კობიაშვილმა არველაძეს ისიც კი ურჩია, რომ მისი საქმისთვის მიეხედა.

კომენტარები

ბოლო ამბები