Thumbnail
  • ახალი მოთამაშეების მოსვლის შემდეგ, იუნაიტედს შემადგენლობა გადაევსო 
  • ოლე გუნარ სულშერი გუნდიდან შვიდი ფეხბურთელის გაშვებაზე თანახმაა

მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან შთამბეჭდავი გამოუვიდა. სულშერის გუნდში რაფა ვარანი, ჯეიდონ სანჩო და კრიშტიანო რონალდო მივიდნენ. თუმცა ახლა იუნაიტედს ზედმეტად დიდი შემადგენლობა ჰყავს და გუნდის ხელმძღვანელობა უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაში არასაჭირო მოთამაშეების გაშვებას გეგმავს.

ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობას შემდეგი ზაფხულისთვის დამატებითი სატრანსფერო სახსრების მობილიზება სურს. ბრიტანული "სანის" ცნობით, სულშერი თანახმაა გუნდიდან 7 მოთამაშე წავიდეს.

წინა ხაზში ლაპარაკია ენტონი მარსიალზე, რომელსაც კრიშტიანოს გუნდში მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა და დონი ვან დე ბეეკზე, რომელიც იუნაიტედში ვერაფრით გაიხსნა. ასევე არ არის გამორიცხული ჯესი ლინგარდის წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ლინგარდმა ეს სეზონი კარგად დაიწყო და სათამაშო დროსაც იღებს. ვარანის მისვლის შემდეგ, მანჩესტერს დაცვის ხაზში აღარ სჭირდება ერიკ ბაილი და ფილ ჯონსი. ასევე ორი განაპირა მცველის, დიეგო დალოტის და ალექს ტელესის გაშვება დგას დღის წესრიგში.

"სანი" ბრიტანული მასშტაბით ყველაზე სანდო წყარო არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანჩესტერმა ერთდროულად 7 მოთამაშე გაუშვას, თუმცა ამ სიიდან რამდენიმეს წასვლა აუცილებლად მოუწევს.

ამავე წყაროს ცნობით სულშერი არ აპირებს ედინსონ კავანის გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს მოსვლის შემდეგ ურუგვაელის პოზიცია გუნდში არცთუ ისე მყარია.

კომენტარები

ბოლო ამბები