Thumbnail

'ფეხბურთი მხოლოდ 48 წუთი იყო' - პიოლი იუვესთან თამაშსა და სერია A-ზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • იუვენტუსი 1:1 მილანი
  • სტეფანო პიოლიმ ყურადღება თავისი გუნდის პროგრესზე გაამახვილა
  • მილანის მწვრთნელის აზრით, იტალიაში ზედმეტად ბევრი პაუზა და დაბალი ტემპია

მილანმა სერია A-ს ცენტრალურ შეხვედრაში იუვენტუსთან ქულა მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდს 6 წამყვანი მოთამაშე აკლდა, თამაშის დროს სიმონ კიაერიც დაკარგა ტრავმის გამო, თითქმის მთელი თამაში ანგარიშში უკანაც იყო, თუმცა მაინც არ წააგო. ანტე რებიჩმა 75-ე წუთზე გაათანაბრა, თამაშის ბოლოს კი მოგებასთან ახლოს მილანი უფრო იყო. "როსონერის" რამდენიმე მომენტი ჰქონდა და შჩესნიმ ერთ შემთხვევაში თითქმის აუღებელი ბურთი მოიგერია.

პიოლიმ მატჩის შემდეგ გუნდის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება:

"ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. პირველი 20 წუთი იუვენტუსი უკეთესი, უფრო მონდომებული და ორგანიზებული იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მატჩის ბოლოს მოგებასთან ახლოსაც ვიყავით. როგორც ყოველთვის, მილანს სურვილი, მონდომება და ხასიათი არ აკლდა. შეიძლება, წინა წელს სასწაულის არა, მაგრამ გამართლების იმედზე ვყოფილიყავით იმისთვის, რომ ასეთი მატჩი მოგვეგო, მაგრამ წელს ვიცით, რომ ამ დონეზე ვართ და გამარჯვებაზე ფიქრი მთელი თამაში არ შეგვიწყვეტია. მომეწონა ჩვენი გამბედაობა - მატჩის ბოლოს მზად ვიყავით, რომ სამი ქულისთვის გაგვერისკა კიდეც".

პიოლი ლივერპულთან მატჩს და, ზოგადად, იტალიური კლუბების ევროთასებზე ასპარეზობასაც შეეხო და ჩემპიონატში სათამაშო ტემპზე ისაუბრა. მისი თქმით, სერია A-ს ნელი ტემპი ევროთასებზე იტალიურ კლუბებს პრობლემას უქმნის, როდესაც ბევრად უფრო მაღალ ტემპში უწევთ თამაში.

პიოლი: "ამბობენ, რომ იტალიურ კლუბებს ევროპაში ტემპის გამო უჭირთ თამაში. დღეს ფეხბურთი მხოლოდ 48 წუთი იყო. მხოლოდ 48 წუთი მიმდინარეობდა თამაში, დანარჩენი დრო პაუზებში დაიხარჯა. ზედმეტად ბევრი პაუზა, შეყოვნება, კამათი და ჯარიმაა. ეს ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ. სხვა შემთხვევაში, როცა განსხვავებულ ატმოსფეროში მოვხვდებით, გაგვიჭირდება".

პიოლის პირდაპირ არ უხსენებია "ენფილდი" და ლივერპულთან თამაში, თუმცა ნათელია, რომ მას გულისხმობდა. მილანს ჩემპიონატში სამი მოგება და ერთი ფრე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები