Thumbnail

'არასწორი შეცვლები გავაკეთე' - ალეგრი განრისხებულია და ფსიქოლოგიაზე ლაპარაკობს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • იუვენტუსი 1:1 მილანი | გოლები: 1:0 მორატა (4), 1:1 რებიჩი (76)
  • მატჩის შემდეგ ალეგრი ძალიან აღელვებული იყო
  • იუვეს მწვრთნელმა ქულების დაკარგვა ფსიქოლოგიური ფაქტორებით ახსნა

ბოლო 60 წელიწადში პირველად, იუვენტუსმა ჩემპიონატის დაწყებიდან ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო. არადა, იუვემ მილანთან კარგად დაიწყო, მორატამ მალევე გაიტანა და პირველი ტაიმი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმში მილანმა თამაში გაათანაბრა და მიუხედავად იმისა, რომ მომენტები თითქმის არ ჰქონია, მატჩის ბოლოსკენ, კუთხურის შემდეგ ანტე რებიჩმა თავით შეაგდო. მატჩის ბოლოს იუვენტუსი აირია და მილანს მოგებაც შეეძლო - პიოლის გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

მილანს ერთდროულად რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და იუვემ მოსაგებ თამაშში დაკარგა ქულები. ამ ჩემპიონატში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა იუვენტუსი ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ ქულებს კარგავს. მატჩის შემდეგ ალეგრი ძალიან გაბრაზებული იყო, სტადიონი აღელვებულმა დატოვა და ემოციებს პრესკონფერენციაზეც ვერ იკავებდა.

ალეგრი: "მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით, მატჩის ბოლოს იმ თამაშის წაგებას ვრისკავდით, რომელსაც სრულად ვაკონტროლებდით. კონცენტრაცია, სიმტკიცე და აგრესია დავკარგეთ. შეხედეთ, კუთხურიდან რა გოლი გავუშვით. უყურადღებობა იყო. შეუძლებელია, ხელიდან გაუშვა ის თამაში, რომელსაც აკონტროლებდი. ფრე შეიძლება მაშინ ვითამაშოთ, როცა მეტოქე უკეთესია, მაგრამ არა მაშინ, როცა თამაში ჩვენ გავუშვით ხელიდან."

ალეგრიმ ქულების დაკარგვის მიზეზად არასწორი შეცვლების დაასახელა, თუმცა უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება: "უნდა ვაღიარო: შეცვლების დროს მეც დავუშვი შეცდომები. არასწორი შეცვლები გავაკეთე. უფრო დაცვითი ფეხბურთელები უნდა შემომეყვანა და 1:0 შემენარჩუნებინა. პასუხისმგებლობას ვიღებ. პირველი ტაიმი კარგი იყო, მაგრამ, რაც მაბრაზებს, ბოლო 15 წუთია. მზად უნდა ვიყოთ, კბილებით და ფრჩხილებით ვიბრძოლოთ შედეგისთვის. ასეთ მომენტებში ესთეტიკურად ლამაზად ვერ ითამაშებ. შედეგი მაშინაც უნდა გააკეთო, როცა ეს ცუდად გამოიყურება. ვიცი, რომ ჟურნალისტებს გიყვართ ტაქტიკურ სქემებზე ლაპარაკი. როცა თამაშს ისე იგებ, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინე, ბოლო წუთებში სქემას აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია მონდომება, აგრესია და კონცენტრაცია. შეიძლება, არაორგანიზებული იყო, მაგრამ მონდომებული. თუ ასე ვითამაშებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩემპიონატის მოგებას."

ოთხშაბათს იუვენტუსი აუტსაიდერ სპეციას ხვდება და იქ შეეცდება სეზონში თავისი პირველი გამარჯვების მოპოვებას...

კომენტარები

ბოლო ამბები