Thumbnail
  • ლიონელ მესიმ მაურისიო პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა
  • პსჟ-ს მწვრთნელმა განმარტა, რატომ შეცვალა ლეო

პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეექვსე ტურის თამაშიც მოიგო და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს ასპროცენტიანი შედეგით, 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ ლიონთან 2:1-ის შემდეგ ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, ამ უკანასკნელმა კი მას ხელი არ ჩამოართვა.

აღარც ის ახსოვს ვინმეს, რომ პსჟ-ს კარს ამ შეხვედრაში ჯანლუიჯი დონარუმა იცავდა. მთავარი ამბავი ის გახდა, რომ 76-ე წუთზე პოჩეტინომ მესი მოედნიდან გაიყვანა და პსჟ-მ თამაში არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარეშე მოიგო, თუმცა მაინც არგენტინელმა მოაგებინა: მაურო იკარდიმ გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ პოჩეტინო შეეცადა, განემარტა, რატომ გაიყვანა მესი: “მესის შეცვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის შესაძლო ტრავმისგან დაგვეცვა. მომავალში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და მესი უნდა დავიცვათ ხოლმე. ეს გუნდისთვის და თვითონ ლეოსთვის მიღებული გადაწყვეტილება იყო. ყველამ იცის, რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ხოლმე. ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებები პოზიტიურად აღიქმება, ზოგჯერ კი - ნეგატიურად,” - განაცხადა პარიზელთა დამრიგებელმა.

პოჩეტინოს, ცხადია, იმაზეც ჰკითხეს, რომ შეცვლის მომენტში მესი გაბრაზებული იყო და მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. პსჟ-ს დამრიგებელმა მხოლოდ ის თქვა, რა უთხრეს ერთმანეთს მან და მესიმ შეცვლის შემდეგ: “მე მას ვკითხე, როგორ იყო. მიპასუხა, კარგად ვარო. სულ ეს იყო. როცა მოედნიდან გამოვიდა ერთმანეთისთვის მეტი არაფერი გვითქვამს.” - დასძინა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ: მესის პარი სენ-ჟერმენის ფორმით გოლი ჯერ არ გაუტანია...

კომენტარები

ბოლო ამბები