Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში ვალენსიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს 2 გოლი გაუშვა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა (1:2).

გიორგი მამარდაშვილისთვისაც თამაში კარგად მიმდინარეობდა, 8 სეივი ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. პირველ გოლში მისი დადანაშაულება შეუძლებელია, მაგრამ მე-2 და გადამწყვეტი გოლის მომენტში კი აშკარად უკეთ თამაში შეეძლო და მართებდა. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა 20 წლის ქართველი კიპერის თამაში შეაფასა.

"მამარდაშვილის პირველი დიდი თამაში ვალენსიას მაისურით, რომელშიც ის ძირითადად ბურთების დაბლოკვით იყო დაკავებული. ჯერ იყო აზარის დარტყმა ცენტრში, შემდეგ ვალვერდეს, შემდეგ ბენზემას, როდესაც მან კარი გოლისგან კარგი პოზიციის წყალობით იხსნა, მაგრამ მერე მაინც გაუშვა. პირველში ფულკიეს რიკოშეტის გამო ვერაფერი შეძლო, ხოლო მეორე გოლისას ცუდად შეარჩია კარიდან გამოსვლის დრო, რაც ბენზემამ არ აპატია", - წერს გამოცემა.

ვალენსიამ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ რეალი გახდა 13 ქულით. "ღამურები" მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, სევილიასათან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები