Thumbnail

იუვენტუსი გასავარდნ ზონაშია - ტურინელებმა ვერც მილანთან მოიგეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სერია A-ში 4 ტური გავიდა და იუვენტუსს მოგებათ გრაფაში 0 უწერია. მსგავსი ფაქტი ისტორიაში მეოთხედ და 1962 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იუვემ მილანს უმასპინძლა და მოგება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი ჩააგდო და საბოლოოდ, 2 ქულა დაკარგა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ძალიან სწრაფად დაწინაურდა. მე-4 წუთზე ტურინელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა. "ბებერ ქალბატონს" პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, მერე კი თამაშის სურათი შეიცვალა.

ანტე რებიჩმა იუვეს ზედიზედ სამ თამაშში გაუტანა

იუვენტუსი თავს საკმაოდ კარგად იცავდა, რაც ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ მილანს ტრავმების გამო ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ოლივიე ჟირუ აკლდა. ამის მიუხედავად, "როსონერიმ" ტურინიდან მნიშვნელოვანი ქულა წაიღო. 76-ე წუთზე ანტე რებიჩმა კუთხურის შემდეგ თავით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მილანს ოთხ ტურში 10 ქულა აქვს და ინტერთან ერთად ლიდერობს სერია A-ს, ხოლო იუვენტუსი 2 ქულით გასავარდნ ზონაშია - მე-18 ადგილზე!

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსმა ისტორიაში მეოთხედ ვერ მოიგო სერია A-ს სასტარტო ოთხი მატჩი. წინა შემთხვევებში იგივე მოხდა 1961/62, 1955/56 და 1942/43 წლების სეზონებში.

⚽ ანტე რებიჩი 3-ქულიანი ეპოქაში (1994 წლიდან) მილანის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იუვეს ზედიზედ სამ შეხვედრაში გაუტანა.

⚽ ალვარო მორატას გოლი (მე-4 წუთზე) იუვენტუსის ფეხბურთელებისთვის მილანის წინააღმდეგ ყველაზე სწრაფი იყო 1996 წლის შემდეგ. მაშინ უფრო ადრე თავი ანტონიო კონტემ გამოიჩინა.

იუვენტუსი 1:1 მილანი

გოლები: 1:0 მორატა (4), 1:1 რებიჩი (76).

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - კუადრადო (72. კიეზა), ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო - დიბალა (79. კულუშევსკი), მორატა (66. კინი).

მილანი (4-2-3-1): მენიო - ტომორი, კიაერი (36. კალულუ), რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ტონალი, კესიე (64. ბენასერი) - საელმაკერსი (63. ფლორენცი), ბრაჰიმ დიასი (90. მალდინი), ლეაო - რებიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები