Thumbnail
  • ვალენსია 1:2 რეალი | გოლები: 1:0 უგო დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (89)
  • გიორგი მამარდაშვილის გუნდმა "სამეფო კლუბთან" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ესპანური ვალენსიას 20 წლის ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის რეალთან მატჩში 85 წუთი კარი მშრალად შეინახა, შემდეგ კი, 2 გოლი გაუშვა და "ღამურებმა" თამაში 1:2 წააგეს.

ეს თამაში ლა ლიგის მე-5 ტურის ეგიდით მესტალიაზე შედგა და გიორგისაც ესპანეთის ჩემპიონატში ამდენივე მატჩი მოუგროვდა, სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდს ფავორიტის ძლევამდე ცოტა დააკლდა.

ქართველი მეკარე ვალენსიას გოლს ზეიმობს

ვალენსიამ ანგარიში 66-ე წუთზე გახსნა, როდესაც შეტევაში მასპინძელთა მარცხენა ნახევარმცველი უგო დურო ჩაერთო და რეალის ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას დაბალ კუთხეში გაუტანა. თითქოს მასპინძლებს მინიმუმ ქულის აღება არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა, 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაათანაბრა, 89-ეზე კი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

პირველ შემთხვევაში ბურთი ვალენსიას ფრანგ მცველ დიმიტრი ფულკიეს მოხვდა და მასპინძელთა კარში რიკოშეტის შემდეგ აღმოჩნდა, აი, რეალის გამარჯვების გოლი კი მამარდაშვილის შეცდომას მოჰყვა. გიორგიმ გამოსვლაზე ბურთს ასცდა და იმავე ვინისიუსის პასი მერე, ბენზემამ თავით, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგდო.

ეს ფოტო კი თამაშის ბოლოსაა გადაღებული

არადა, რომ არა ეს ბოლო ეპიზოდი, რეალთან მატჩი ქართველი გოლკიპერისთვის აქტივში ჩაითვლებოდა. გიორგიმ მათ შორის, ედენ აზარის, კაზემიროს, ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორის დარტყმულები მოიგერია და საერთო ჯამში, 8 სეივი ჰქონდა.

ვალენსიამ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ რეალი გახდა 13 ქულით. "ღამურები" მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, სევილიასათან გამართავენ.

ვალენსია 1:2 რეალი

გოლები: 1:0 უგო დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (89).

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი – ფულკიე, ალდერეტე, კორეია (23. ლატო), გაბრიელ პაულისტა – დურო (79. მარკოს ანდრე), ვასი, გუილამონი, სოლერი (15. მუსა) – გედეში (79. კოშტა), გომესი (80. რაჩიჩი).

რეალი (4-3-3): კურტუა – მილიტაო, ალაბა, კარვახალი (26. ვასკესი), ფერნანდესი – კაზემირო (67. კამავინგა), ვალვერდე (78. ისკო), მოდრიჩი (67. მოდრიჩი) – ვინისიუსი, ბენზემა, აზარი (78. იოვიჩი).

კომენტარები

ბოლო ამბები