Thumbnail
  • ცსკა 81:73 ზენიტი
  • ქართველ კალათბურთელს ორივე გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო. ქართველი ფორვარდის ცსკა-მ წარმატებას VTB ლიგის სუპერთასზე მიაღწია, ფინალში კი სანკტ-პეტერბურგის ზენიტს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ტურნირის ნახევარფინალში ყუბანის ლოკომოტივს 91:78 სძლიეს, თოკომ კი 5 ქულა მიითვალა. ქართველი ლეგიონერი უფრო შედეგიანი იყო ფინალში, სადაც ცსკა-მ 81:73 იმარჯვა.

თორნიკე შენგელია ზენიტელ ჯორდან მიკის გაურბის

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:58 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მოსკოველებმა პეტერბურგელებზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მე-2 მაჩვენებელი იყო სერბი ნიკოლა მილუტინოვის (+14) შემდეგ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. ზენიტის რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ უკანახაზელ კონერ ფრენკამპს.

ცსკა VTB ლიგის ახალ სეზონს 23 სექტემბერს დაიწყებს, როდესაც სტუმრად ბელარუსის ცმოკი-მინსკს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები