Thumbnail
  • ბოსტონმა ფინალში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა
  • ლებრონ ჯეიმსის კიდევ ერთი ისტორიული თამაში
  • NBA-ს ფინალისტის ვინაობას მე-7 სუპერ-მატჩი გაარკვევს

კლივლენდ კავალიერსმა NBA-ს ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა! ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ საკუთარ დარბაზში ბოსტონ სელტიკსი 109:99 დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 3:3 გახდა და NBA-ს ფინალისტი მე-7, გადამწყვეტმა მატჩმა უნდა გაარკვიოს, რომელიც ბოსტონში გაიმართება. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოსტონს საკუთარ არენაზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს!

თუ მე-7 მატჩს კლივლენდი მოიგებს, ჯეიმსი ზედიზედ მერვედ გავა ფინალში!

რაც შეეხება მე-6 შეხვედრას, რომელშიც სელტიკსმა “მატჩპოინტი” გაანიავა: ლებრონ ჯეიმსი 46 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით გრანდიოზული იყო! “კარგი განცდაა, რომ კიდევ ერთი მატჩი მოგვიწევს,” - ასეთი კომენტარით შემოიფარგლა “მეფე”.

გაინტერესებთ, როგორი სტატისტიკა აქვს 33 წლის ლებრონს ისეთ მატჩებში, სადაც მის გუნდს პლეი ოფიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება? საშუალოდ 34 ქულა!!! ეს NBA-ში რეკორდია.

გარდა ამისა, ლებრონს ამ შეხვედრაში კიდევ 3 ქულაც რომ მოეპოვებინა, რეკორდს გაიმეორებდა. გარდა ამისა, ეს იყო მეშვიდე შემთხვევა, როცა ლებრონის გუნდს პლეი ოფის გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა და ჯეიმსმა 40-ზე მეტი ქულა გააკეთა - NBA-ს ისტორიაში ესეც საუკეთესო შედეგია.

ლებრონი ისევ შეუდარებელი იყო!

ოჰაიოელი ლეგენდა განსაკუთრებით მეორე პერიოდში იყო შეუჩერებელი, როცა 17 ქულა ჩააგდო - სწორედ ამ დროს მიაღწია კლივლენდმა ორნიშნა უპირატესობას. მეოთხე პერიოდში მთელ საკალათბურთო სამყაროს სუნთქვა შეეკრა, როცა თანაგუნდელი ლარი ნენსი მას ფეხზე დაეცა, მაგრამ ჯეიმსი თამაშში დარჩა!

გადამწყვეტი მატჩი ლავის გარეშე?

სამაგიეროდ, კავალიერსს კევინ ლავი დაუშავდა და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ კალათბურთელმა, რომელიც ყველაზე ხშირად უბამს მხარს ლებრონს, გადამწყვეტ მატჩში ვერ ითამაშოს. კევინმა ჯეისონ ტეიტუმთან შეჯახების მერე თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო - ეს მატჩის დაწყებიდან 5 წუთში მოხდა.

კევინ ლავი დაშავდა და შეიძლება მე-7 მატჩში ვერ ითამაშოს

“კევინი ვერ დავინახე. ძალიან ვწუხვარ. მე მხოლოდ თავი მეტკინა, მან კი თამაში ვეღარ გააგრძელა. კევინს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ,” - განაცხადა ტეიტუმმა მატჩის შემდეგ.

ლავის არყოფნაში ჯეფ გრინი ათამაშდა, 14 ქულა გააკეთა და დაცვაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ბოსტონელები იმუქრებიან!

ბოსტინიდან ყველაზე მეტი ბურთები ტერი როზიემ (28 ქულა) და ჯეილენ ბრაუნმა (27) ჩაყარეს. ზოგადად, სელტიკსს სროლების 51-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. როგორც ხედავთ, ბოსტონს საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია - უბრალოდ, როცა ლებრონი ასე ნავარდობს, თუ მეტოქემაც გრანდიოზული კალათბურთი არ ითამაშა, კლივლენდის დამარცხება შეუძლებელია ხოლმე.

ბოსტონელთათვის მტკივნეული ფაქტია ის, რომ პირველ ტაიმში ოლ ჰორფორდის აქტივში ნული ქულა იყო. თუმცა სუპერ-მატჩის წინ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ეს დიდი მატჩი იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ!”

“კვირას 100 პროცენტით მზად ვიქნებით. ჩემს გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და ეს სწორედ მე-7 მატჩში უნდა დავამტკიცოთ,” - ეს კი სელტიკსის თავკაცის, ბრედ სტივენსის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები