Thumbnail

ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ წყვილებში ზედიზედ მე-2 ტურნირი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/ბონავენტურე 6:2, 2:6, 10:6 ფიტა ბოლუდა/სელეხმეტევა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ვალენსიაში 80-ათასიან ტურნირზე იმარჯვა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეკომ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, ამჯერად კი, წარმატებას ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიაღწია.

Open Internacional de Valencia-ზე, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარი იყო, გორგოძე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად წარსდგა და 4 გამარჯვება იზეიმა. 

ქართველმა და ბელგიელმა ჩოგბურთელებმა ესპანელებს ბუზას მანეიროსთანა და რომერო გორმაზთან 6:2, 6:0 იმარჯვეს, რუმინელ დინუსა და ავსტრალიელ ფურლისს უბრძოლველად გასცდნენ, ნახევარფინალში კი ხსენებული ბარა და კიდევ ერთი რუმინელი პრისარასკუ 3:6, 6:1, 10:4 დაამარცხეს.

გორგოძესა და ბონავენტურეს ფინალში ასევე 3 სეტის თამაში დასჭირდათ და ესპანელი ანხელა ფიტა ბოლუდა და რუსი ოკსანა სელეხმეტევა დაჯაბნეს – 6:2, 2:6, 10:6.

ცნობისთვის, გორგოძეს 932 ქულით წტა-ს წყვილთა რეიტინგში 114-ე ადგილი უკავია, დღევანდელი წარმატების შემდეგ კი, კლასიფიკაციაში კიდევ უფრო დაწინაურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები