Thumbnail

სადებიუტო გოლი ჟუპილერ ლიგაში! მიქაუტაძე სერენში შეუჩერებელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანტვერპენი 2:1 სერენი | მიქაუტაძემ ანგარიში 56-ე წუთზე გახსნა
  • 20 წლის ქართველ ფეხბურთელს სერენში დაბრუნების მერე 3 მატჩში 4 გოლი აქვს

გიორგი მიქაუტაძე სერენში დაბრუნებისთანავე ძველებურად ათამაშა და ბელგიის უმაღლეს დივიზიონში (ჟუპილერ ლიგა) სადებიუტო გოლი გაიტანა! 20 წლის ქართველმა სტუმრად ანტვერპენს ლამაზი გოლი გაუტანა და გუნდი 56-ე წუთზე დააწინაურა.

გიორგიმ 75-ე წუთამდე ითამაშა და ჟორდი კონდომმა შეცვალა. ამის გაკეთება და სერენის კარში გოლი ერთი იყო, რადგან იმავე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, ხოლო 88-ე წუთზე ანტვერპენმა მეორედ შეძლო გატანა და თამაში შემოატრიალა.

მიქაუტაძის სერენის კარიერის მეორე ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო

თუმცა, ეს მიქაუტაძის პირად გარჯას არ აკნინებს, რადგან ის სერენში 10 დღეა რაც დაბრუნდა, სამჯერ ითამაშა და უკვე 4 გოლი აქვს გატანილი (3 ბელგიის თასზე). სერენს 8 ტურში 9 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 სექტემბერს, გენკს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი იჯარით სერენში გაატარა და ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა - 22 მატჩში 22 გოლი. მიმდინარე სეზონი გიორგიმ მეცში დაიწყო და ლიგა 1-ში ერთხელ ითამაშა კიდეც, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფრანგებმა ისევ სერენში გაანათხოვრეს.

ქართველი თავდამსხმელის ხელახალი დებიუტი წინა ტურში ლიეჟის სტანდარდადთან შედგა, როდესაც შეცვლაზე შევიდა, ორჯერ მაგარი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა და მისი გუნდი 0:1 დამარცხდა, ხოლო შუა კვირაში ბელგიის თასზე ლოკერენთან ჰეთ-თრიკი გაიფორმა და გუნდს 3:0 მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები