Thumbnail

ჩოგბურთი | მეცის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში იტალიელ ჯანლუკა მაგერს შეხვდება
  • 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი Moselle Open-ზე მე-8 განთესვით ითამაშებს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში იმყოფება და მომავალ კვირას საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 481 270 ევროა.

ბასილაშვილს Moselle Open-ზე მე-8 განთესვა აქვს და პირველ წრეში ძალებს იტალიელ ჯანლუკა მაგერთან მოსინჯავს, რომელსაც კარიერაში არასდროს შეხვედრია. ცნობისთვის, ნიკას ATP-ს რეიტინგში 35-ე ადგილი უკავია, 26 წლის აპენინელი კი 66-ეა.

თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვება იზეიმა, მერვედფინალში ფრანგ ჟილ სიმონსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის უმჯობესს შეხვდება.

ბასილაშვილი სატურნირო ბადის ქვედა ნახევარშია, სადაც განთესილთაგან პაბლო კარენო ბუსტა (ესპანეთი, მე-2), გაელ მონფილსი (საფრანგეთი, მე-3) და ლორენცო სონეგოც (იტალია, მე-5) არიან, ტურნირზე პირველი რეიტინგი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს გააჩნია და გამოსარჩევია მეცში უაილდ-ქარდის მქონე ენდი მარის (შოტლანდია) ყოფნაც.

Moselle Open ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი შეჯიბრია, რადგანაც ის 2016 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან 1:6, 6:7 (5:7) წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში გააღწია, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები