Thumbnail

18 სექტემბერს ქართველი ლეგიონერების ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია. სამხრეთ კორეის  K ლიგის ლიდერი ულსან ჰიუნდაი დაეგუსთან დამარცხდა, თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. მართალია, გუნდი მე-15 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა ორი გოლი გაუშვეს და 1:2 დამარცხდნენ. ვაკოს ანგარიშზე უკვე 6 გოლი და 3 საგოლე პასია.


დანიის პირველ დივიზიონში ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა ესბიერგმა შინ 2:1 დაამარცხა ამაგერი.

უკრაინის პრემიერლიგაში ნიკოლოზ სიჭინავას კოლოსი მის ყოფილ გუნდს, ინჰულეცს ესტუმრა და 2:0 მოუგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ხოლო 95-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა.

ჩეხეთში ვახტანგ ჭანტურიშვილის ზლინი სტუმრად სლოვაცკოსთან დამარცხდა - 0:3. ჭანტურიშვილი 62-ე წუთზე გამოცვალეს, როცა გუნდი 10 კაცით დარჩა.

ლუკა ლოჩოშვილი რიდთან მატჩში

ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი სტუმრად 3:0-ს უგებდა რიდს, მაგრამ ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 3:3. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანში დავით ვოლკოვის (90 წუთი) ზირა შინ 1:1 დაუზავდა მიხეილ ერგემლიძის (74-ე წუთზე გამოცვალეს) საბაჰს. 

ესტონეთის მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის ლევადიამ 3:0 მოუგო ნარვას, სამივე გოლი მასპინძლებმა ზაქარიას პასებით გაიტანეს. ლევადია უახლოეს კონკურენტ ფლორას 15 ქულით უსწრებს. ბეგლარიშვილის ანგარიშზე 17 გოლი და 15 საგოლე პასია. ის ორივე მაჩვენებლით ლიდერია.

უნგრეთის თასზე გიორგი ბერიძის უიპეშტმა 3:0 მოუგო სტუმრად ტისაკეჩკეს. მე-60 წუთზე ქართველმა შემტევმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ბუდუ ზივზივაძის (კორონავირუსი) ფეჰერვარმა სტუმრად 6:2 გაანადგურა სოპრონი.

ჟუპილერ ლიგაში ლევან შენგელიოს ლიოვენი სტუმრად მეხელენთან 0:2 დამარცხდა. შენგელია მოედანზე 76-ე წუთზე შეიყვანეს.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი აბურჯანიას ჟილ ვისენტე ბელენენსეშს ესტუმრა. გიორგი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა და 92-ზე თავით გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა - 1:1. ეს აბურჯანიას პირველი გოლია პორტუგალიურ კარიერაში და პირველი გოლი რუმინეთის ნაკრებთან გატანილის შემდეგ.  

კომენტარები

ბოლო ამბები