Thumbnail

კვირას "მესტალიაზე" ლა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ 10-10 ქულით გალიდერებული ვალენსიასა და მადრიდის რეალის დუელია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ტურის ცენტრალური დაპირისპირება ისტორიაში პირველად გაიმართება ქართული აქცენტით - დიდი ალბათობით, "ღამურების" კარს 20 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ეს თამაში მის კარიერაში უმნიშვნელოვანესია...

კოვიდშეზღუდვების გათვალისწინებით, "მესტალია" სავსე ვერ იქნება, თუმცა "ღამურებს" 30 ათასამდე ადამიანის მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ.

გიორგი მამარდაშვილმა 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა

მატჩის წინ ვალენსიას თავკაცმა ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა. ამჯერად, მას მეკარეებზე ყურადღება არ გაუმახვილებია, არ უთქვამს, ვინ იდგება კარში მამარდაშვილი თუ სილესენი (ესპანურ მედიაში გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ფანების 80% კარში ქართველ გოლკიპერს ითხოვს). 

ხოსე ბორდალასი

ხოსე ბორდალასი (ვალენსიას მწვრთნელი): "კონცენტრირებულნი ვართ, რომ რეალთან კარგად ვითამაშოთ, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ამაში ეჭვი არ მეპარება. ბიჭებმა კარგად იციან, რომ რთული მატჩი ელით.
მიუხედავად მეტოქისა, ჩვენ მოვემზადეთ ისე, როგორც მორიგი ტურის მატჩის წინ ვემზადებით. სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო. შედეგი შეიძლება იყო ნებისმიერი, ამიტომ უნდა ვითამაშოთ და არ ვიფიქროთ შედეგზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მე-5 ტურში ასეთი დასკვნების გამოტანა, მცდარი იქნებოდა. ჩვენი მიზანია შესანიშნავი მეტოქის წინააღმდეგ კარგი ფეხბურთის ჩვენება. 
რეალის შიში? არავის შიში ვალენსიას არ აქვს. არა მარტო რეალის, არამედ, საერთოდ არავის. ყველას პატივს ვცემთ, შიშით კი არავის გვეშინია. ანჩელოტიმ ლა ლიგა კარგად იცის. მისი გუნდი ახლა დიდებულ ფორმაშია. რეალმა ინტერთან გამარჯვებას დიდი ენერგია შეალია". 

ვალენსიას აკლია ჩერიშევი, რეალის დანაკლისი გაცილებით სერიოზულია: კროოსი, მენდი, სებალიოსი, ბეილი და მარსელო. 

კარლო ანჩელოტი

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "როტაცია მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელები იღლებიან. ამაზე უნდა ვიზრუნო, რადგან ყველა ახალგაზრდა არ არის და ზოგიერთის რესურსი ამოწურვადია. კაზემირო განსხვავებული ფეხბურთელია, მისი უშუალო შემცვლელი არ გვყავს, იმედია, ის რაც შეიძლება მეტ მატჩს ითამაშებს. 
შეშფოთებული ვარ ვალენსიას ფორმით, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, თანაც მაღალი ინტენსივობით. სხვა არაფერზე ვდარდობ. გავალთ და ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. ასეთ მეტოქესთან დიდი ენერგიის ხარჯვა მოგვიწევს".

საინტერესო ფაქტები

⚽ ზედიზედ 22 ტურია, რაც რეალ მადრიდი ლა ლიგაში არ დამარცხებულა.

⚽ ვალენსიამ ლა ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩი მოიგო, გუნდმა ასევე მოიგო ამ მატჩების პირველი ტაიმებიც.

⚽ ვალენსიასა და რეალის ბოლო 9 ოფიციალური დაპირისპირებიდან 8-ში "მესტალიაზე" 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლა ლიგაში ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8-ში ვალენსიამ სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

⚽ გასულ სეზონში ვალენსიამ რეალს "მესტალიაზე" 4:1 მოუგო. იმ შეხვედრაში კარლოს სოლერმა 3 პენალტი გაიტანა.

⚽ ამ გუნდების 90-წლიან დაპირისპირებაში ვალენსიამ 46 მატჩი მოიგო, რეალმა - 89, 37 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

⚽ ქარიმ ბენზემამ პირველ 4 ტურში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი, 4 საგოლე პასი). 

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი - კორეია, გაბრიელ პაულისტა, ალდერეტე, გაია - სოლერი, ვასი, გილამონი, იუნუსი - მაქსი გომესი, გედეში.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, გუტიერესი - ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი - აზარი, ბენზემა, ვინისიუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები