Thumbnail
  • ლიონელ მესი პსჟ-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება
  • L´Équipe: ლეოს კონტრაქტში ე.წ. ერთგულების პუნქტია ჩადებული

ლიონელ მესის პარი სენ-ჟერმენში რომ ზღაპრული ხელფასი აქვს, ამას ყველა ხვდება, მაგრამ მაინც რამდენს იღებს 34 წლის არგენტინელი, რომელიც პარიზულ გრანდში უფასოდ გადავიდა?

ფრანგული სპორტული გამოცემა L´Équipe პსჟ-ში არგენტინელის ანაზღაურების შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს ავრცელებს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ინფორმაციის მიხედვით, მესი პარიზულ გრანდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ხდება. ნეიმარზე მეტს აიღებს!

ისევე, როგორც ბრაზილიელს, რომელმაც პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელა, წელიწადში მესის ხელფასიც 30 მილიონი ევროა (ნეტო), მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ნეიმარის ხელფასი მომდევნო წლებში უნდა შემცირდეს, მესის ანაზღაურება არ იცვლება.

უფრო მეტიც: მესი პარი სენ-ჟერმენში გატარებული ყოველი მომდევნო სეზონისთვის, ერთგულების ბონუსის სახით, დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე სეზონიდან მისი ანაზღაურება წელიწადში 40 მილიონი ევრო იქნება. საერთო ჯამში არგენტინელს დაახლოებით 110 მილიონის გამომუშავება შეუძლია. პარიზში მან კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა - ოღონდ, გახანგრძლივების პერსპექტივით. როგორც L´Équipe წერს, ლეოსთვის ცალკე ბონუსი არ მიუციათ.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი პარიზში ჯერ კიდევ სასტუმროში ცხოვრობს და სახლის ძებნას აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები