Thumbnail

პირველი მატჩი თავით თამაშის გარეშე - ექსპერიმენტი ინგლისში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინგლისში საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს
  • შირერი, ლინეკერი და სხვები ფეხბურთს თავურების გარეშე ითამაშებენ

ოლივერ ბირჰოფი ფეხბურთს ახლაც რომ თამაშობდეს, ამ ამბავს აუცილებლად პირველი გააპროტესტებდა…

26 სექტემბერს, ინგლისში გაიმართება პირველი საფეხბურთო მატჩი ზრდასრულებს შორის, რომელშიც თავით თამაში აკრძალული იქნება.

მიზეზი: გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თავურ დარტყმებსა და დაავადება დემენციას შორის კავშირი დადგინდა. კვლევამ გამოავლინა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში თამაშობენ და ყველაზე ხშირად ურტყამენ თავით, დემენციით დაავადების 5-ჯერ გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. შედარებისთვის, მეკარეებს, რომლებიც ბურთს თავით თითქმის საერთოდ არ ურტყამენ, დემენციით დაავადების რისკი საერთოდ არ აქვთ მომატებული.

მატჩი თავურების გარეშე ინგლისში, მეექვსელიგელი სპენიმურ თაუნის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ცნობილი ექს-ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი შეხვდება - მათ შორის იქნებიან ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან გარი ლინეკერი, ალან შირერი, კევინ კიგანი, კრის სატონი და სხვები. მათ ამ უჩვეულო საფეხბურთო მატჩის ჩატარება ორ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად გადაწყვიტეს.

მატჩის მიზანია, უპასუხოს კითხვას, როგორი იქნება ფეხბურთის თამაში საჰაერო ორთაბრძოლებისა და თავურების გარეშე. პირველ ტაიმში თავით თამაში მხოლოდ საჯარიმოში იქნება დასაშვები, მეორე ტაიმში კი მთელ მოედანზე აკრძალული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები