Thumbnail

პელე ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - შვილმა განცხადება გაავრცელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პელე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დააბრუნეს
  • ექიმების თქმით მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა

ბრაზილია და მთელი საფეხბურთო სამყარო ბოლო დღეებში პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნერვიულობს. ახალი ინფორმაციით, ფეხბურთის 80 წლის ლეგენდა ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბრაზილიური მედია წერს და ინფორმაცია სან პაულუს ალბერ აინშტაინის სახელობის კლინიკამაც დაადასტურა.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ პრევენციულია - ლეგენდას სუნთქვის პრობლემები შეექმნა: “კარდიო და რესპირატორული თვალსაზრისით ახლა პელეს მდგომარეობა სტაბილურია.”

კლინიკის განცხადების შემდეგ, საფეხბურთო საზოგადოება პელეს შვილმა, კელი ნასიმენტუმაც დაამშვიდა: “სანერვიულო არაფერია, ეს გამოჯანმრთელების ნორმალური სცენარია ამ ასაკის მამაკაცისთვის, - დაწერა მან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, - ასეთი ოპერაციების შემდეგ ხანდახან ორი ნაბიჯს წინ დგამენ და ერთს უკან. გუშინ მამა გადაღლილი ჩანდა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, დღეს კი - ორი ნაბიჯი წინ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, პელე რეანიმაციიდან სამშაბათს გაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში მას საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა - მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოაშორეს. რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო სამყარო თვითონ პელემაც დაამშვიდა. “მზად ვარ იმისთვის, რომ 90 წუთი ვითამაშო და დამატებითი დროც. მალე ისევ ერთად ვიქნებით.” - დაწერა მან.

კომენტარები

ბოლო ამბები