Thumbnail

'ვერ ვხვდებით, ამას რატომ ამბობს' - ფანებს გვარდიოლას განცხადება არ მოეწონათ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ხოსეპ გვარდიოლამ გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა
  • ესპანელის განცხადებას სიტის ფანკლუბის დირექტორი გამოეხმაურა 

მანჩესტერ სიტიმ სეზონი კარგად დაიწყო - პრემიერლიგის პირველ ტურში ტოტენჰემთან მარცხის შემდეგ ზედიზედ 3 თამაში მოიგო, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი ლაიპციგი 6:3 დაამარცხა. თუმცა ფანები გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას აკრიტიკებენ - ოღონდ არა შედეგების, არამედ პეპის განცხადების გამო. 

ლაიპციგთან მატჩს "ეტიჰადზე" 38 000 გულშემატკივარი დაესწრო - მაშინ, როცა 55 000 ადამიანი იყო დაშვებული. სწორედ ამიტომ, ესპანელმა სპეციალისტმა სიტის მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ და სტადიონზე სიარულისკენ მოუწოდა.

სიტის სტადიონის გავსების პრობლემა აქამდეც ჰქონდა. სხვა კლუბების ფანები მანჩესტერულ გრანდს სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების გამო ხშირად დასცინოდნენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის მოწოდება უკვე სხვა საფეხურია...

გვარდიოლას განცხადებით უკმაყოფილო დარჩა მანჩესტერ სიტის მხარდამჭერთა კლუბის გენერალური მდივანი კევინ პარკერი. მისი თქმით, პეპი ვერ აცნობიერებს, თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე სტადიონზე მისვლა.

"კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ბილეთები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. მას არ შეუძლია, გააცნობიეროს სირთულეები, რომლებიც ხალხს აქვს. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებს იგი ამაზე კომენტარს", - განაცხადა პარკერმა.

მანჩესტერ სიტი უახლოეს შეხვედრას, სწორედ საშინაო არენაზე, ხვალ, 18:00 საათზე, გამართავს. გვარდიოლას გუნდის მეტოქე საუთჰემპტონი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები