- რეალი, იუვენტუსი და ბარსელონა მძიმე მდგომარეობაში არიან
- უახლოეს წლებში მათ დიდ ტრანსფერებზე უარის თქმა მოუწევთ
- ზარალის თავიდან აცილება მხოლოდ ეკონომიური ხარჯვით შეიძლება
ჩემპიონთა ლიგა დაიწყო და კითხვაზე, რომელი კლუბები არიან მთავარი ფავორიტები, ნებისმიერს ასეთი პასუხი ექნება: ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და ლივერპული. ასეთია ბუკმეიკერების პასუხიც. მოკლედ: პირველად ამ საუკუნეში, ჩემპიონთა ლიგა ისე იწყება, რომ იტალიის და ესპანეთის უპირველესი გრანდები - რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი ფავორიტებს შორის არ სახელდებიან.
ეს აშკარა ნიშანია, რომ ევროპულ ფეხბურთში ახალი დრო დგება. არადა, რეალმა და ბარსელონამ ამ საუკუნეში ჩემპიონთა ლიგა ჯამში 10-ჯერ მოიგეს. ევროპულ ფეხბურთში ძალთა ბალანსი იცვლება - რატომ მოხდა ეს და როგორ მივედით აქამდე?
ფინანსური ფაქტორი
სანამ კლუბების მენეჯმენტზე და მათ არასწორ გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებთ, გლობალურ სურათს უნდა შევხედოთ. ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდამ და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ფეხბურთი გლობალურ თამაშად აქცია. ეს თამაში აქამდეც მთელ პლანეტაზე უყვარდათ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ, მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედს საშუალება მისცა, გულშემატკივრების სოლიდური არმია ჰყავდეს სადმე აზიაში, პრემიერლიგას მთელი აფრიკა უყურებს და ა.შ. გლობალიზაციის საუკუნეში ფეხბურთიც უფრო გლობალური გახდა. მანამდე უფრო ნაციონალური იყო.
ამან ფეხბურთში დიდი საერთაშორისო ფულის შემოსვლა განაპირობა. ამ თამაშით გლობალური ბაზარი დაინტერესდა. ოდნავ მაინც სტაჟიანი გულშემატკივარი დამეთანხმება - ვის ახსოვს, თუნდაც 20 წლის წინ არაბული, ამერიკული, რუსული ან ჩინური ფული ევროპულ ფეხბურთში?! არც არავის. ევროპულ გრანდებს ადგილობრივი მფლობელები ჰყავდათ.
პირველი ასეთი ნაბიჯი რომან აბრამოვიჩის ჩელსიში მისვლა იყო. დიდმა საერთაშორისო ფულმა ინფლაცია განაპირობა - ხელფასების და სატრანსფერო თანხების უსაზღვრო ზრდა. ფეხბურთში ზედმეტად ბევრი ფული შევიდა. საინტერესოა, ეს ფული როგორ გადანაწილდა. ძალიან დიდი, სახელიანი და ტრადიციული გუნდები არ (ან ძნელად) იყიდება. რეალის, ბარსელონას, იუვენტუსის და ბაიერნის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეიძინა აბრამოვიჩმა ჩელსი, საამიროების სამეფო ოჯახმა იქამდე აუტსაიდერი მანჩესტერ სიტი, ხოლო ყატარელებმა მუდმივად ხელმოცარული პარი სენ-ჟერმენი იყიდეს.
ამ ‘ახალმა გრანდებმა’ კლასის, გამოცდილების და ისტორიის ნაკლებობის კომპენსაცია ფულით გადაწყვიტეს. სწორედ ამიტომ გადაიხადა პსჟ-მ ნეიმარში 220 მილიონი და მისცა მას ასტრონომიული ხელფასი. სხვაგვარად ნეიმარი იმ ბარსელონადან პარიზში არ წავიდოდა.
ტრადიციული ევროპული გრანდები ‘ახალ, დიდფულიან გრანდებთან’ ფინანსურ კონკურენციაში შევიდნენ. სხვაგვარად მათ ამბიციებზე უარი უნდა ეთქვათ. ერთადერთი გამონაკლისი ბაიერნი აღმოჩნდა, რომელმაც თავის ტრადიციული განვითარების გზას არ უღალატა და სპორტული ძლიერებაც სრულად შეინარჩუნა.
ტრადიციულმა გრანდებმა ეს ფინანსური კონკურენცია წააგეს. მათ კონკურენტებს ულევი ფული აქვთ და კრიზისების არ ეშინიათ. ტრადიციული გრანდები კი თავის მიერ ნაშოვნ ფინანსებზე არიან დამოკიდებული და თითოეულმა გლობალურმა კრიზისმა (მაგალითად, პანდემიამ) და მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა მათ შეიძლება გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს.
მაგალითად, პსჟ-ს შეუძლია, რამდენიმე ფეხბურთელში ასობით მილიონი გადაიხადოს და თუ ამ ტრანსფერებმა არ გაამართლა, მომდევნო წელს იმავეს იზამს, ფინანსური პრობლემა არ ექნება. ბარსას ან იუვეს კი არასწორი სატრანსფერო კამპანია აუცილებლად დიდ კრიზისად დაუჯდება.
სხვა საქმეა პრემიერლიგა, რომელიც ობიექტურად ყველაზე მდიდარი და კარგად გაფორმებული ტურნირია. პრემიერლიგის თითოეულ გუნდს გარანტირებული სოლიდური შემოსავალი აქვს. მაგალითად, აუტსაიდერ ლიდს იუნიტედს ისეთივე შემოსავალი აქვს, როგორც ძალიან ტრადიციულ და ელიტურ მილანს. არადა, ლიდსი პროვინციული გუნდია, მილანი კი - გლობალური ბრენდი. თუმცა, ლიდსი პრემიერლიგაშია, მილანი კი - სერია A-ში.
ბოლო 2 წელია, ერთ ტენდენციას ვხედავთ - იტალიური და ესპანური კლუბები კონკურენციას აგებენ პრემიერლიგასთან და ‘ახალ გრანდებთან’. მესი, რამოსი, ვარანი, რონალდო, ლუკაკუ და დონარუმა ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მხოლოდ ამ სატრანსფერო ფანჯარაში იტალიური და ესპანური გრანდებიდან პრემიერლიგაში და პარიზში წავიდნენ.
ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბარსა, რეალი და იუვე - ევროპული ფეხბურთის სამი ძალიან ტრადიციული და ისტორიული გრანდი. თითოეულ მაგალითს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
ბარსელონა
სამშაბათს ბარსელონა ბაიერნთან აგებდა. 0:2 იყო მე-60 წუთზე, როცა კუმანმა მოედანზე ახალგაზრდების შეყვანა დაიწყო. ‘კამპ ნოუ’ გამაყრუებლად უსტვენდა. ეს კაპიტულაციის გამოცხადება გახლდათ.
ბაიერნმა ბარსას ისე მოუგო, როგორც აუტსაიდერს - აუღელვებლად, მშვიდად და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. ბარსელონას მეტოქის კარშიც არ დაურტყამს.
ეს ალბათ არანაკლებ მძიმე მომენტი იყო, ვიდრე 2:8 წინა სეზონში. პრინციპში, საბოლოო უარი კატალონელებმა გრანდის სტატუსზე 31 აგვისტოს თქვეს, როცა ანტუან გრიზმანი გაუშვეს და ლუუკ დე იონგი გადაიბირეს. ლიონელ მესის წასვლის შემდეგ ბარსას აქცენტი თითქოს გრიზმანზე უნდა გაეკეთებინა - კლუბის გზავნილი კი აშკარა იყო, მათ გუნდიდან მაღალხელფასიანი მოთამაშე გაუშვეს და ეკონომიური, დროებითი ვარიანტი დაიმატეს.
არასწორმა მენეჯმენტმა, გაბერილმა სახელფასო ფონდმა და კატასტროფულმა ტრანსფერებმა (დემბელე, კოუტინიო, უმტიტი, გრიზმანი, პიანიჩი) კატალონელები ფინანსური კრახის წინაშე დააყენა. ლაპორტას ახლა სპორტულ ფაქტორებზე მეტად ფინანსური მდგომარეობა და ორგანიზაციის ბედი ადარდებს. მთავარი გამოწვევა არა ტიტულები, არამედ ორგანიზაციის და მისი ფინანსების მოწესრიგებაა. კლუბმა უკვე დაიწყო მაღალხელფასიანი მოთამაშეების თავიდან მოცილება.
გრიზმანი და პიანიჩი უკვე წავიდნენ. უახლოეს 2-3 სეზონში ბარსა უმტიტის, კოუტინიოს და დემბელეს მოცილებასაც შეეცდება. ასაკის გამო წავლენ პიკე, ალბა და ბუსკეტსი. ამ პერიოდში კატალონელთა მთავარი საზრუნავი და რეალისტური მიზანი სულ მცირე ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაში პლეი ოფის საგზური იქნება. რომელიმე წარმატებულ სეზონში არც ლა ლიგის მოგებაა გამორიცხული.
ამასობაში, კლუბი შეეცდება, აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთოს - მით უმეტეს, რომ ბარსას ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია აქვს. ამ საუკუნის დასაწყისში კატალონელებს მსგავსი კრიზისი უკვე ჰქონდათ და შემდეგ გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაციის გზით გვარდიოლას გუნდი შეიქმნა. ბოლო წლებში ბარსას ბევრს საყვედურობდნენ, რომ ‘ლა მასიას’ აღზრდილებზე ნაკლებად ზრუნავდა და მათ გუნდში ადგილი აღარ ჰქონდათ. მოკლედ, ბარსამ ნაცადი გზა უნდა გაიარაოს. ახალი დიდი გუნდი ახალგაზრდებით და ბიუჯეტური ტრანსფერებით (მაგალითად, მემფის დეპაი) ააწყოს და მერე ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროს.
იუვენტუსი
კრიშტიანო რონალდოს წასვლა და მის ნაცვლად მოიზე კინის ტრანსფერი ნათლად აჩენს, თუ რა პრიორიტეტები აქვს მომდევნო სეზონებში ტურინულ კლუბს. იუვემ თავის დროზე რონალდოს ტრანსფერით გარისკა. ტურინელთა სტადიონი სულ 43 000 კაცს იტევს (ორჯერ ნაკლებს, ვიდრე ‘ბერნაბეუ’ და ‘კამპ ნოუ’), თუმცა ეს სტადიონი იუვეს კერძო საკუთრებაა და მის შემოსავალს ტურინელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
იუვენტუსი გლობალურ ბაზარზე ესპანური გრანდებივით პოპულარული არ არის. ამიტომაც, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაშისთვის მიღებულ შემოსავლებს. რონალდოს მიყვანის შემდეგ იუვეს იმედი ჰქონდა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან შემოსავალს სტაბილურად მიიღებდა.
თუმცა, უკვე სამი წელია, ტურინში მათთვის საჭირო მწვრთნელს ვერ მიაგნეს. მაურიციო სარის და ანდრეა პირლოს ექსპერიმენტები ცუდად დასრულდა. პანდემიამ იუვე სტადიონის შემოსავლების გარეშე დატოვა. ორი წელია, გუნდი მერვედფინალში ასრულებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას და ამით სოლიდური შემოსავალს კარგავს.
ბოლო ორ წელიწადში ტურინელთა ზარალი 270 მილიონი ევრო იყო. კლუბის ფინანსური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბარსელონასი და იუვეც აღმასვლას სავარაუდოდ უფრო მალე დაიწყებს. ანიელიმ გუნდის გაახალგაზრდავება წინა წელსვე დაიწყო. კიეზა, კულუშევსკი, კინი და ლოკატელი გუნდში ბოლო ორ სეზონში მოვიდნენ.
იუვეს რამდენიმე პოზიციაზე საგრძნობლად უჭირს (მაგალითად, ნახევარდაცვაში) და სოლიდური ტრანსფერების ფული არ აქვს, თუმცა რონალდოს წასვლით სახელფასო ფონდი უკვე შემცირდა. რამდენიმე მაღალხელფასიან, თუმცა ვერშემდგარ ტრანსფერს (რემზი, რაბიო, ბერნარდესკი) უახლოეს სეზონებში ასევე წასვლა მოუწევთ. ამის შემდეგ იუვეს უკვე შეეძლება, გუნდი წერტილოვანი დარტყმებით გააძლიეროს.
ბარსასგან განსხვავებით, იუვენტუსი თავისი აკადემიის იმედად ვერ იქნება, თუმცა იტალიურ ბაზარს კარგად აკონტროლებს და პერსპექტიული მოთამაშეების შეძენა სხვა იტალიური კლუბებიდან იოლად შეუძლია. იუვეს სულ მცირე ერთი გარდამავალი წელი მაინც დასჭირდება, სანამ ფინანსებს წესრიგში მოიყვანს და გუნდის გაძლიერებაზე ფიქრის დაწყებას შეძლებს.
რეალი
რეალის მდგომარეობა სხვა გრანდებზე ბევრად უკეთესია. პერესმა რონალდოს წასვლის შემდეგ ფინანსები ჭკვიანურად დახარჯა, ყველაზე კრიზისული მონაკვეთი (სოლარის სეზონი) უკან მოიტოვა, შემდეგ კი ზიდანის ხელში ორი სეზონი რეალის სტანდარტით დაბალბიუჯეტიანი, თუმცა კონკურენტული გუნდი ჰყავდა და წინა წელს ესპანეთის ჩემპიონობაც მოიგო. წელს, რეალმა ტრანსფერებზე დიდი ფული ისევ არ დახარჯა და კლუბიდან ლიდერები (რამოსი, ვარანი) გაუშვა, თუმცა მაინც ნორმალურად გამოიყურება. კარლო ანჩელოტის გუნდი სულ მცირე ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ეს 3 წელი რეალისთვის იოლი არ ყოფილა და მარტივი არც შემდეგ სეზონი იქნება, თუმცა რეალმა ამ პერიოდში ახალი სტადიონიც ააშენა, ხანგრძლივ კრიზისშიც არ შესულა და შემდეგი სეზონიდან უკვე სატრანსფერო თანხებიც ექნება. წინა წლებში დაზოგილი ფინანსებით პერესი მბაპეს და პოგბას უმიზნებს. მით უმეტეს, ორივე მათგანს თავის კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. რეალი გარდამავალ ეტაპს ასრულებს და ამას სხვა გრანდებთან შედარებით უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგით ახერხებს.
დასკვნა
დასკვნა ერთია: ტრადიციულ გრანდებს თავისი პოზიციების სრულფასოვნად დასაბრუნებლად რამდენიმე სეზონი დასჭირდებათ. ამ პერიოდში მათ ფინანსების მოწესრიგება და გუნდიდან არასაჭირო ფეხბურთელების გაშვება უნდა მოახერხონ. ისინი ბაზარზე ძველებურად დომინანტები ვეღარ იქნებიან, ამიტომ სწორი გამოსავალი კლუბის ფრთხილად, ჭკვიანურად მართვაა. დაახლოებით ის გზა, რაც ბაიერნმა წლების წინ აირჩია. სხვაგვარად ახალი კრიზისი მხოლოდ დროის ამბავია. ამასობაში შორს აღარ არის ის დრო, როცა უეფა ახალი, უფრო ქმედითი რეგულაციებით ევროპულ ფეხბურთში უზომოდ დიდი ფულის კონტროლს შეეცდება და სახელფასო ჭერებს და სხვა მსგავს რეგულაციებს შემოიღებს. ეს ტრადიციულ გრანდებს მხოლოდ დაეხმარება.
კომენტარები