- დინამო ბათუმმა ლოკო 7:3 დაამარცხა და ჩემპიონატს 50 ქულით ლიდერობს
- გია გეგუჩაძის და გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარები მატჩის შემდეგ
- 10 გოლი ცენტრალურ მატჩში! დინამო ბათუმმა ლოკომოტივი გაანადგურა
საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურში დინამო ბათუმმა თბილისის ლოკომოტივი უჩვეულო ანგარიშით, 7:3 დაამარცხა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ლოკოს მიმდინარე სეზონში პირველად მოუგეს.
მატჩის შემდეგ უხვგოლიანი თამაში გუნდების მთავარმა მწვრთნელენმა, გია გეგუჩაძემ და გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასეს. ბათუმელთა დამრიგებლის თქმით, ანგარიშის მიუხედავად, გამარჯვება იოლად არ მოუპოვებიათ, ხოლო თბილისელთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მთავარი შედეგია და მეტოქე უფრო ძლიერი იყო.
გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ეს არ იყო მარტივი გამარჯვება. მიუხედავად ანგარიშისა, ნამდვილად კარგ, ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. თამაშის მსვლელობისას იყო მომენტი, როცა გვაჯობეს, ასევე იყო მომენტი, როცა ჩვენ ვაჯობეთ. გარდამტეხი ალბათ, ნავალოვსკის გოლი გამოდგა, რომელმაც თამაშში სხვა მუხტი შეიტანა, ფეხბურთელები უფრო მეტად ამოძრავდნენ და ამან უფრო გატეხა მეტოქე. როგორც ვთქვი, ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, პერსპექტიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულს".
გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, ანგარიში თამაშის მსვლელობას ყოველთვის ასახავს, რადგან ბოლოს მაინც ანგარიში რჩება - ის, რაც ტაბლოზე აისახება. სულ სხვაა, თუ როგორ მიმდინარეობდა თამაში. ჩემი აზრით, ჩავარდნა გვქონდა მას მერე, რაც წინა გავედით - ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ამას ანალიზი სჭირდება. ერთი შეხედვით, რაც დავინახე, დინამო ბათუმი უფრო ძლიერი გუნდია, უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, რომელთაც თითქმის ყველა შანსი გამოიყენეს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ".
დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 50 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიციაზეა, ლოკომოტივი კი 36 ქულით მე-5 საფეხურზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში, 20 სექტემბერს, თელავს სტუმრად შეხვდება, ხოლო ლოკო იმავე დღეს წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს.
დინამო ბათუმი 7:3 ლოკომოტივი
გოლები: 1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (51), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (65), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (71), 5:2 გაფრინდაშვილი (79), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (89)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (19. გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მანჯგალაძე (57. ნავალოვსკი) - მამუჩაშვილი, ზარია (57. ფანცულაია), ჯიღაური (77. გროცურეკი) - ჯოვინო (77. ნიქაბაძე)
ლოკომოტივი (4-3-3): სპენკელინკი - გაბაძე (82. მჭედლიშვილი), ვადი, ანდრონიკაშვილი, უბილავა - სამურკასოვი, შონია (74. კახაბრიშვილი), დარცმელია - კირკიტაძე (82. ჭიაბრიშვილი), სიხარულიძე (74. გავაშელიშვილი), იმრანი
კომენტარები