Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, დინამო ბათუმის ხმაურიანი და ისტორიული გამარჯვება იყო (7:3 ლოკომოტივთან). რაც შეეხება სხვა მატჩებს:

საბურთალოსა და თელავის მატჩში დრამატული ბოლო წუთები ვიხილეთ: თელავი, რომელმაც წინა ტურში დინამო თბილისის დამარცხება შეძლო, თემურ ჩოგაძის გოლით 76-ე წუთზე წინ გავიდა, მაგრამ ხვიჩა შუბითიძის შეგირდებმა თამაშის შეტრიალება მოახერხეს: ერთ წუთში ანგარიში გიორგი გოჩოლეიშვილმა გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი საბურთალოს სამი ქულა ახალმა ფეხბურთელმა, სიმონ სეფერინგსმა მოუტანა! გერმანელი ნახევარმცველი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო და ეროვნულ ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო - თანაც გამარჯვების გოლის, ბოლო წამებზე!


მანამდე, წყალტუბოს სამგურალმა აუტსაიდერი სამტრედია დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა - გოლები ალექსანდრე ვერულიძემ, პაპუნა ფონიავამ და სერგო კუხიანიძემ გაიტანეს (ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი პენალტით გაიტანა).

დინამო თბილისი ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში გორის დილას მასპინძლობდა. თბილისელებმა კიდევ ერთი მატჩი ვერ მოიგეს და ახლა დინამო ბათუმს უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან. მატჩის დამატებულ დროში ლევან ხარაბაძეს შეეძლო დინამოსთვის გამარჯვების მოტანა, თუმცა მისი დარტყმა ზუსტი არ აღმოჩნდა.

ქუთაისის ტორპედომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ქუთაისელებმა ამჯერად ქობულეთის შუქურა დაამარცხეს. კახა ჩხეტიანის გუნდი მეჰდი ბუკასის გოლით დაწინაურდა, შუქურამ 75-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ თორნიკე ახვლედიანმა 86-ე წუთზე გატანილი გოლით ტორპედოს 3 ქულა მოუტანა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 2:1.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ფორმაშია

საქართველოს ჩემპიონატს 24 ტურის შემდეგ დინამო ბათუმი 50 ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურში, გია გეგუჩაძის გუნდი 20 სექტემბერს თელავს ესტუმრება, დინამო თბილისი კი - ქობულეთის შუქურას. საინტერესო მატჩი გველოდება გორის დილას და საბურთალოს შორის - ეს გუნდები კონფერენსლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. ლოკომოტივი ბათუმში 3:7-ის შემდეგ ხასიათის გამოკეთებას სამგურალთან საშინაო მატჩში ეცდება, ქუთაისის ტორპედო კი სამტრედიას ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები