Thumbnail

ბელგიის თასზე გიორგი მიქაუტაძის სერენმა 3:0 დაამარცხა ლოკერენი და 1/16-ფინალურ ეტაპზე გავიდა. სამივე გოლი 20 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. 

გიორგი მიქაუტაძე (სერენი): "ამ საღამოს ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ხანია, რაც მატჩი სრულად არ ჩამიტარებია, ბოლოს ეს ბევერენთან მოხდა. ჩემი გუნდი თავიდან ვიპოვე და ის თავიდან შევიგრძენი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, აქედან არც წავსულვარ. 
პირადად ჩემთვის ამ ჰეთ თრიკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სამომავლოდ მაიმედებს". 

სერენის მაისურით 26 მატჩში 25 გოლი გაიტანა

სერენის ამ წარმატებას ბელგიური კლუბის ფანებთან ერთად, ფრანგული მეცის გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ, რომელთა უმეტესობაც ძალიან ნაწყენია, რომ ლიგა 1-ის კლუბმა, კერძოდ კი ფრედერიკ ანტონეტიმ არც ამ სეზონში გააკეთა აქცენტი მიქაუტაძეზე. "პირადად, ამ ჰეთ თრიკს ფრედ ანტონეტისა და ფილიპ გაილოს ვუძღვნიდი, რომელთაც ჟორჟს ლამინ გიე და ლენი ჟოზეფი არჩიეს და ფსონს მათზე ჩამოვიდნენ", - წერს ერთ-ერთი მათგანი ანტონი რორი. "მესი დაისჯება ასეთი ფეხბურთელის არ გამოყენებისთვის", - წერს მეცის სხვა ფანი. უმცირესობაში არიან ისეთებიც, რომლებიც ოპონენტის სისუსტეზე აკეთებენ აქცენტს და რომ მიქაუტაძემ თავისი დონე ჟუპილერ ლიგაშიც უნდა დაამტკიცოს ჯერ, სანამ ლიგა 1-ში თამაშზე ექნება პრეტენზია. ამ ეტაპზე კი, თითქოს, ლამინ გიე უფრო მზად არის საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ. 

სერენი ჟუპილერ ლიგაში 19 სექტემბერს ანტვერპენს ესტუმრება. მიქაუტაძის გუნდი 9 ქულით მე-10 პოზიციაზეა. გიორგის ჟუპილერ ლიგაში დებიუტი სტანდარდთან მატჩში ჰქონდა, როცა შეცვლაზე შევიდა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი, ის 2021 წლის გაზაფხულზე გახდა საქართველოს მოქალაქე. მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეცს 2025 წლამდე ეკუთვნის, სერენში კი იჯარით თამაშობს. ბელგიურ კლუბში მან სულ 26 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები