Thumbnail

PES მოკვდა, eFootball-ის ერა იწყება! რას ველოდოთ უფასო თამაშში

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

1995 წელს, იაპონური ჰოლდინგ-კორპორაცია Konami, რომელიც მსოფლიოში ვიდეო და აზარტული თამაშების წარმოებით არის ცნობილი, ქმნის საფეხბურთო სიმულატორ Winning Eleven-ს, შემდეგში ცნობილს, როგორც Pro Evolution Soccer, აბრევიატურით PES, რომელიც საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა - მაშინ, როდესაც დენის წყაროს “ლევად” გამოყვანილი ხაზების მეშვეობით ვიღებდით.

თამაში მალევე ხდება პოპულარული და იწყება ლეგენდარული Sony 1-ის ერა დაუვიწყარი კომენტატორით, რომლის ფრაზები დღემდე პოპულარულია და რობერტო კარლოსის თავდასხმაში დაყენებით.

ქართველმა მოთამაშეებმა მალევე აუღეს ალღო ე.წ. “სტენკის” გათამაშებასა და “პაცებიის” გაკეთებას, თუმცა ეს ტაქტიკა ყოველთვის წარმატებით არ სრულდებოდა - ხშირი იყო შემთხვევები, როცა ამ ჩანაფიქრს ცერა თითი “ეწირებოდა”. ინტერნეტ-კაფეებში ხშირად მოისმენდით მსგავს შეძახილებს: “დარტყმა რომელია?” “ერთი შეტევა გამაწურინე რა!” “აუ, ჯარიმა დამარტყმევინე!” “ჟუნინიოს მე ვასწავლე დარტყმა" "ვამატებ, ძმაო…”

აი, ეს ეტაპი გამოიარა ყველა ქართველმა პესისტმა. ვერ ვიტყვით, რომ მარტივი, თუმცა დაუვიწყარი და ეპოქალური.

ახლა კი “კონამი” ახალ ერას იწყებს, რომელზეც ვრცლად ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

დიდი ცვლილებები

eFootball - ასე დაარქვეს თამაშს, რომლის გამოსვლა 30 სექტემბრისთვის იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ სახელის შეცვლა, რისი გამოცდილებაც კომპანიას უკვე აქვს - ეს იქნება ახალი სიტყვა საფეხბურთო სიმულატორში.

მთავარი სიახლე, რომელსაც  Konami გვპირდება, ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს: თამაში მიზნად ისახავს კონსოლების, კომპიუტერისა და მობილური ვერსიების გაერთიანებას, რაც ყველა მომხმარებლისთვის აბსოლუტურად უფასო იქნება. მაშ, ასე: eFootball-ის გადმოწერა და თამაში  სრულიად უფასო იქნება. შეგეძლებათ, ოპონენტს მობილური ვერსიიდან კონსოლზე ან კომპიუტერზე ეთამაშოთ.

Gameplay - თამაშის მახასიათებლები

Konami-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი ნაწილი Unreal-ის ძრავაზე იმუშავებს, რომელიც გაუმჯობესებულ გრაფიკასა და დახვეწილ დიზაინს გულისხმობს. გარდა ამისა, კომპანია ნერგავს ახალ ტექნოლოგიას match motion. იგი მოედანზე ერთი-ერთზე თამაშის დახვეწისკენაა მიმართული. ტექნოლოგია მოთამაშის მოძრაობას, სხეულის მიმართულებასა და ფიზიკურ კონდიციებს აფასებს.

ახალ ვერსიაში თამაშის შემქმნელებმა მთავარი აქცენტი დაცვის მექანიზმსა და ბურთის კონტროლზე გააკეთეს. გულშემატკივართა მოსაზრებით, პესი ყოველთვის უფრო მეტად ტაქტიკური იყო, ვიდრე მისი კონკურენტი FIFA. eFootball-ში, PES 21-თან შედარებით, ტაქტიკური მონახაზების უფრო დიდი არჩევანი იქნება.

თამაში რეჟიმები და განახლებები

Konami წლის ბოლოსთვის ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს, რომელსაც creative team ერქმევა. ეს იქნება MyClub-ის ანალოგი, რომელიც სეზონებს, ყოველკვირეულ მიზნებსა და eFootball-ის გამომუშავებულ მონეტებს მოიცავს. მოთამაშეები შექმნიან კლუბებს, გუნდში დაამატებენ ახალ ფეხბურთელებს, ასევე შეეძლებათ მწვრთნელის არჩევაც. ითამაშებთ ონლაინ მომხმარებლების წინააღმდეგ, რათა, რაც შეიძლება მეტი მონეტა დააგროვოთ. კომპანია ყოველი ახალი განახლების შემდეგ სხვადასხვა რეჟიმის დამატებას აანონსებს.

ლიცენზირებული გუნდები  

თავდაპირველად თამაშში მხოლოდ 9 გუნდი გამოჩნდება. ამ ინფორმაციამ გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ PvP მატჩები. კომპანია ფანებს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ჰპირდება.

რაც შეეხება გუნდებს, რომლებსაც თამაშში თავიდანვე ვნახავთ: მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბარსელონა, სან პაულუ, კორინთიანსი და ფლამენგო.

სია დიდი არ არის და იმედია, წლის ბოლომდე სხვა კლუბებიც დაემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები