Thumbnail

ბუფონი: ის მატჩი არასდროს დამავიწყდება, ყველაზე ამაყი ვიყავი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯანლუიჯი ბუფონმა BeInSports-თან ვრცლად ისაუბრა
  • 43 წლის მეკარე ისევ თამაშობს და სერია B-ში მშობლიურ პარმას ეხმარება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთს ისევ თამაშობს და სერია B-ში მშობლიური პარმას კარს საიმედოდ იცავს. ჯიჯიმ BeInSports-თან ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ კვლავაც კარგ ფორმაშია. 43 წლის იტალიელი კიპერი ფიქრობს, რომ პარმა მისთვის მოტივაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო არჩევანი იყო.

"იმიტომ ვთამაშობ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ისევ ძლიერი მეკარე და თანაგუნდელებისთვის გამოსადეგი ვარ. ამიტომ ვარჩიე პარმაში დაბრუნება. ვიცოდი, რომ ეს ჩემში ემოციებს გამოიწვევდა და ამის საუკეთესოდ გამოყენება შემეძლებოდა. პარმა საუკეთესო გამოსავალი იყო მაღალ დონეზე თამაშის გასაგრძელებლად".

ბუფონი პარმაში ზუსტად 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა

ბუფონმა იუვენტუსი 2018 წელს დატოვა და როცა ყველა ელოდა, რომ კარიერას დაასრულებდა, მოულოდნელად პარი სენ-ჟერმეში გადავიდა. იქ მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და ისევ ტურინულ გრანდში დაბრუნდა. ჯიჯიმ განმარტა, რატომ გადაწყვიტა 2018 წელს პარიზულ გუნდში გადაბარგება:

"სამი წლის წინ, ერთ დღეს, მარტის ბოლოს, ტურინში მკითხეს გადავწყვიტე თუ არა ფეხბურთიდან წასვლა და ვუპასუხე, რომ - კი. მერე ხუმრობით დავამატე, რომ თუ პსჟ, რეალი ან ბარსელონა დამირეკავდა, დავფიქრდებოდი. 20 დღის შემდეგ პსჟ-დან მართლაც დამირეკეს და დავთანხმდი. მოხიბლული ვიყავი გუნდით, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იყო. შანსი მომეცა იტალიის ფარგლებს მიღმა მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება მიმეღო. ამიტომ, მივიღე პსჟ-ს შეთავაზება".

ბუფონის პარიზული კარიერა მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა

ბუფონმა გაიხსენა ეპიკური მატჩი, რომელიც 2018 წელს მადრიდში, რეალსა და იუვენტუსს შორის გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში იუვეს შინ 0:3 ჰქონდა წაგებული და საპასუხო შეხვედრის წინ უშანსოდ ჩანდა. თუმცა, იტალიის ჩემპიონი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო წუთამდე 3:0-ს იგებდა და დამატებით დროსთან ახლოს იყო. ბოლო წუთზე ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა საეჭვო პენალტი დანიშნა, რამაც ბუფონის გაცხარება გამოიწვია და არბიტრთან კამათის გამო გააძევეს. ლეგენდარულ იტალიელს ის თამაში არასოდეს დაავიწყდება:

"ის საღამო ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად მეამაყებოდა, რომ ჩემი გუნდის კაპიტანი ვიყავი. როცა ამაზე ვფიქრობ, ძალიან განვიცდი, რადგან მხოლოდ ძალიან ძლიერ გუნდს შეუძლია მეომრის სულისკვეთებით იფიქროს მსგავს სიტუაციაში ქამბექზე. როდესაც მადრიდში წავედით, ვიცოდით, რომ შეგვეძლო ორმატჩიანი შედეგის შემოტრიალება. ეს იყო განცდა, რომელიც სხვა შემთხვევებში არ განმიცდია".

ასეთი გაბრაზებული ბუფონი ალბათ მანამდე არავის უნახავს

ჯანლუიჯი ბუფონმა მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, პარმა კი 7 ქულით მე-4 ადგილზეა და მიზნად სერია A-ს საგზურის მოპოვება აქვს. ჯიჯის ემილია-რომანიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები