Thumbnail

საკუთარი ბაიკის გარეშე და ავარია - გიორგი გახელაძეს პოლონეთში არ გაუმართლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გიორგი გახელაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპზე იასპარეზა
  • პოლონეთის შეჯიბრი მისთვის რთული და უიღბლო გამოდგა
  • მიუხედავად პრობლემებისა, 550 რაიდერში 36-ე ადგილი დაიკავა
  • მომდევნო ტურნირი ესპანეთში, 1-3 ოქტომბერს გაიმართება

უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ მორიგ რეიტინგულ შეჯიბრზე იასპარეზა. 20 წლის გახელაძემ პოლონეთის ტურნირზე ირბოლა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპია. 

სამწუხაროდ, ქართველმა მოტომრბოლელმა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და სხვადასხვა პრობლემების გამო პოლონეთში საკუთარი მოტოციკლეტის წაყვანა ვერ შეძლო და ნაქირავები ბაიკით იასპარეზა. ამან მის ასპარეზობაზე გავლენა იქონია, რადგან მრბოლელს მოტოციკლეტთან შესაგუებლად ერთი თვე სჭირდება ხოლმე.

შეჯიბრის პირველი დღე მოტო-კროსის შეჯიბრი გახლდათ, რომლისთვისაც ქართული გუნდი მომზადებული არ იყო - გახელაძე პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, მოტო კროსი კი სრულიად განსხვავებული კლასია. შესაბამისად, პირველ დღეს გახელაძემ თავისი საუკეთესო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, თუმცა 550 მონაწილეს შორის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და 120 საუკეთესოს შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ჰარდ ენდუროს კლასის რბოლა მეორე დღეს გაიმართა. “მეორე დღის იმედი უფრო მეტად გვქონდა, რადგან ეს ჩემი კლასია, თუმცა რბოლის დაწყებიდან 10 წუთში, როცა საუკეთესო ათეულში ვიყავი, მოტოციკლეტს სერიოზული პრობლემა შეექმნა და რბოლას თითქმის გამოვეთიშე, მაგრამ მაინც არ დავნებდი და გაგრძელება გადავწყვიტე.” - ამბობს გახელაძე.

ხსენებულ მომენტში მას ერთ-ერთი რაიდერი შეეჯახა და მისმა წინა საბურავმა გახელაძის მოტოციკლეტის გაგრილების სისტემა დააზიანა. იგი იძულებული გახდა, ხელით მიეყვანა მოტოციკლეტი სერვისის პუნქტამდე, რასაც დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა. ამას დაემატა გაკეთების პროცესის 18 წუთი, რამაც დროზე კიდევ უფრო იმოქმედა.

გახელაძე: “3-საათიან რბოლაში 50 წუთის დაკარგვა ფაქტობრივად რბოლის დამთავრებას ნიშნავს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა, რადგან ასეთ ეტაპზე ასპარეზობა დიდი გამოცდილების მიღებას ნიშნავს.” 

ამის შემდეგ, საათსა და ორმოც წუთში მან მაინც შეძლო 70-ზე მეტი რაიდერისთვის გადასწრება და საბოლოოდ, 36-ე პოზიციაზე დააფინიშა. “კმაყოფილები, რა თქმა უნდა, არ ვართ, რადგან ბევრად მეტის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ გაგვიმართლა, იღბალი კი ასეთ შეჯიბრებზე ძალიან მნიშვნელოვანია.” - ამბობს გახელაძე.

სამაგიეროდ, ქართველი მოტომრბოლელი კმაყოფილია იმით, რომ დიდი გამოცდილება მიიღო: “ამ რბოლამ მაჩვენა, რომ ჩემთვის მოტოკროსის ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მხრივ მჭირდება ყველაზე მეტად განვითარება. უკვე დავგეგმეთ მოტოკროსის ვარჯიშები და მომდევნო რბოლებს უკეთ მომზადებული შევხვდები.”


გიორგი გახელაძეს მომდებნო შეჯიბრი ესპანეთში უწევს, რომელიც ასევე საერთაშორისო რბოლაა. აღნიშნული ეტაპი 1-3 ოქტომბერს გაიმართება და მხოლოდ ჰარდ ენდურო კლასს მოიცავს. “ეს ძალიან მიხარია, რადგან როგორც ვთქვი, ჰარდ ენდურო კლასის შეჯიბრისთვის ვართ მომზადებულები.” - ამბობს გახელაძე, რომელიც ესპანეთში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ესპანეთის შეჯიბრიც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპია და მასში 800-დან 900-მდე რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. გახელაძის მიზანი საუკეთესო ათეულში მოხვედრა იქნება.

გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი. ყველაზე წარმატებული ქართველი მოტომრბოლელის მხარდამჭერი აგვისტოში კომპანია "ევროპაბეთი" გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები