Thumbnail
  • რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს ჩემპიონატსა და პირად გეგმებზე ისაუბრა
  • იტალიელი ფიქრობს, რომ არსენ ვენგერის იდეას შესწავლა სჭირდება

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე. იდეას ჰყავს, როგორც მხარდამჭერები, ისე - მოწინააღმდეგეები, ამჯერად კი აზრის დაფიქსირება ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რობერტო მანჩინის სთხოვეს. იტალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ იდეა შესაფასებელია და მასზე საუბარია საჭირო.

"მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვაზე დებატებია საჭირო. მუნდიალი მომხიბლავია, რადგან ყოველ ოთხ წელიწადშია, თუ ყოველ ორ წელიწადში იქნება, გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი ერთმანეთს ყოველ წელს ჩაანაცვლებენ. არ ვიცი, ახლა გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ", - თქვა მანჩინი არსენ ვენგერის იდეაზე, რომელზეც დროთა განმავლობაში სულ უფრო აქტიურად ლაპარაკობენ.

მანჩინიმ კომენტარი ევროპის ჩემპიონატზეც გააკეთა, რომელიც მისი გუნდის ტრიუმფით დასრულდა: "ევრო 2020-ზე თამაში იმისთვის დავიწყეთ, რომ ჩვენი ხალხისთვის რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა. ვიგრძენით, რომ მთელი ქვეყანა წარმატებისკენ გვიბიძგებდა და ამან დიდი ძალა მოგვცა, ბიჭებმა იმაზე მეტი გაიღეს, ვიდრე შეეძლოთ. გამარჯვების შემდეგ საჭიროა თითქმის ყველაფერი დაივიწყო და მომდევნო გამოწვევაზე იფიქრო. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი გველის".

მანჩინი ბოლოს საკლუბო დონეზე ზენიტში მუშაობდა, რომელიც 2018 წელს დატოვა და იტალიის ნაკრები ჩაიბარა. რობერტოს მომავალში საკლუბო კარიერის განახლებაზეც ჰკითხეს: "როგორც ვთქვი, წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და შემდეგ ვნახოთ. ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მუნდიალზე, სწრაფად უნდა მოვახერხოთ კვალიფიცირება და ერთა ლიგის მოგებასაც ვეცადოთ. არ ვფიქრობ კლუბებზე და ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. ნაკრების გაწვრთნა საუკეთესო რამაა".

ჯანლუკა ვიალიმ და მანჩინიმ იტალიური ფეხბურთის ისტორია ერთად კიდევ ერთხელ დაწერეს

რობერტო მანჩინიმ 2018 წელს იტალიის ნაკრებში ჯან პიერო ვენტურა შეცვალა, რომელმაც "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. რობერტომ გუნდში დიდი სამუშაო შეასრულა და იტალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ისტორიაში მეორედ და 53-წლიანი პაუზის შემდეგ. "აძურის" წინაშე ოქტომბერში ახალი გამოწვევა. გუნდი ერთა ლიგის მოგებას ეცდება, რომელსაც თავად უმასპინძლებს, მეტოქეებად კი ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები