Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყო
  • BVB-ს კარგი სტარტი ჯუდ ბელინგემის დამსახურებაა
  • ბორუსია ამ 18 წლის ნახევარმცველის გარეშე უკვე წარმოუდგენელია

როგორ იღებს ბურთს, როგორ მიდის დრიბლინგზე და როგორ შედის ორთაბრძოლებში - ჯუდ ბელინგემის ფეხბურთის ყურება სულ უფრო და უფრო სასიამოვნოა. 18 წლის ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია, დორტმუნდის ბორუსიას ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალგაზრდა ინგლისელი დიდ ტალანტად აქამდეც მიიჩნეოდა, ოთხშაბათის შემდეგ კი უკვე ტალანტზე მეტია. ინგლისშიც ამას წერენ და გერმანიაშიც.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, რომელშიც დორტმუნდმა ბეშიქთაშს სტუმრად 2:1 მოუგო, ბელინგემზე ოდნავადაც არ იმოქმედა სტაბოლის უკიდურესად ხმაურიანმა გარემომ - ჯერ ტექნიკურად აბსოლუტურად სრულყოფილი გოლით ანგარიში გახსნა, მერე კი, შესვენებამდე წამებით ადრე, ასევე უზადო ტექნიკური შესრულებით გაატანინა ერლინგ ჰაალანდს და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მარტომ გადაწყვიტა.

თამაშის შემდეგ, DAZN-ის მიკროფონთან, ნორვეგიელმა გოლეადორმა თავისი ასისტენტი შეაქო: “ის ხომ ჩემზე სამი წლით პატარაა. ეს სიგიჟეა! დაუჯერებლად თამაშობს,” - თქვა ჰაალანდმა.

ბელინგემმა ჯერ თვითონ გაიტანა, მერე კი ჰაალანდს გაატანინა

იმ ფაქტს, რომ ბელინგემის ასეთი თამაში ბეშიქთაშთან შემთხვევითობა სულაც არ არის, წინა სეზონი ამტკიცებს, რომელშიც ახალგაზრდა ინგლისელს გერმანული ‘კიკერისგან’ საშუალო შეფასება თამაშში 2,75 ჰქონდა (კიკერის საუკეთესო შეფასება 1 გახლავთ, ყველაზე უარესი კი - 6). ამას ხაზს უსვამს მისი სტატისტიკაც: ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მანჩესტერ სიტის გაუტანა და ახლა, ახალი სეზონის პირველ მატჩშიც შეძლო გატანა. ამით ინგლისელი 18 წლისა და 78 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

...და ვის აჯობა? კილიან მბაპეს. 7 დღით. გერმანიაშიც და მით უმეტეს ინგლისში ყველა ხვდება, რომ ეს ბიჭი კიდევ მოუმატებს. თანაც, მაგრად!

საფინალო სასტვენების შემდეგ თამაშებსაც ისე აანალიზებს, როგორც გაზრდილ-ჩამოყალიბებული ვარსკვლავი: “ცივსისხლიანად ვითამაშეთ. ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა, წინ და უკან ბევრს დავრბოდით, კალათბურთივით. ჩემპიონთა ლიგის 3 ქულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თანაც, თურქეთში მოვიგეთ, სადაც წარმატების მიღწევა ადვილი არასდროსაა.” - თქვა ბელინგემმა.

...და რას წერს მასზე ინგლისური პრესა?

Mirror: „Hey Jude! ბელინგემმა 25-წუთიან ჩემპიონურ მონაკვეთში ყველას დაუმტკიცა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის გამორჩეულია და განსხვავებული.”

Daily Mail: “ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დორტმუნდის ბორუსიასთვის საოცრად ლამაზი გოლი გაიტანა და გერმანულ კლუბს თურქეთში მოაგებინა. მისი დაუჯერებელი პროგრესი გრძელდება.”

The Sun: “თინეიჯერის სენსაცია - ჯუდ ბელინგემმა ბეშიქთაშს სასწაული გოლი გაუტანა. დორტმუნდელი ფანები 18 წლის ინგლისელის დამსახურებით ზეიმობენ. გერმანიაში გადასვლის შემდეგ მისი პროგრესი შეუჩერებელია.”

Guardian: “ჯუდ ბელინგემმა დორტმუნდს მოაგებინა! ეს იყო შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატობა უაღრესად ეფექტური გოლით და საგოლე პასით.”

კომენტარები

ბოლო ამბები