Thumbnail

‘ფილტვებში წყალი ჩაუდგა’ – ლეგენდარული საკალათბურთო მწვრთნელი გარდაიცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დუშან ივკოვიჩი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპეციალისტად მიიჩნეოდა
  • მას მოგებული აქვს ევროლიგა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები

ლეგენდარული სერბი სპეციალისტი დუშან ივკოვიჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელოვანი საკალათბურთო მწვრთნელის სიკვდილის შესახებ განცხადება მისმა უახლოესმა მეგობარმა გორან კალინიჩმა გააკეთა:

“06:50 საათზე დუშანი ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიზეზი ფილტვებში წყლის ჩადგომა გახდა”.

ივკოვიჩი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევა. მას პარტიზანში, არისში, რადნიჩკიში, შიბენიკში, ვოევოდინაში, პაოკ-ში, პანიონისში, ოლიმპიაკოსში, აეკ-ში, ცსკა-ში, დინამოს მოსკოვსა და ანადოლუ ეფესში უმუშავია.

ივკოვიჩს ევროპაში ლამის ყველა ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, 2-ჯერ ევროლიგა (1997, 2012). ამას გარდა, იუგოსლავია/სერბეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში უმარჯვია 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ევროპის სამ ჩემპიონატზე (1989, 1991, 1995).

დუშანმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ 2016 წელს, 48-წლიანი უწყვეტი სამუშაო პერიოდის შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები