Thumbnail

19 წლის ფორვარდი ალექს მერკვილაძე NCAA-ის ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. 2.04 მეტრი სიმაღლის ქართველმა კალათბურთელმა კოლეჯთა ლიგაში პირველ სეზონში თავი კალ სტეიტ ნორტრიჯში გამოიჩინა, სადაც საშუალოდ 9.95 ქულას, 6.95 მოხსნასა და 1.0 პასს აკეთებდა. 

მერკვილაძე სადებიუტო სეზონში საშუალოდ 10 ქულას აგდებდა

ის ჯერ კიდევ წინა სეზონში შეამჩნიეს LMU-ს (ლოიოლა მერიმაუნთ უნივერსიტეტი) წარმომადგენლებმა და ‘ლომებში’ მიიწვიეს. ლოიოლა ვესტ კოსტის (დასავლეთ სანაპირო) კონფერენციაში თამაშობს, სადაც გასულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა. ამ კონფერენციის ყველაზე ცნობილი გუნდი გონზაგაა (კოლეჯთა ლიგის ფინალისტი გასულ სეზონში). ლოიოლას ‘მარტის სიგიჟეში’ 5-ჯერ უთამაშია, ყველაზე დიდი მიღწევა კი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა (1990 წელს). ლოიოლას ყველაზე ცნობილი ყოფილი კალათბურთელი რიკ ადელმანია. 

მერკვილაძე კალ სტეიტში 23-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ლოიოლაში კი 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სხვათა შორის, ორივე უნივერსიტეტი ლოს ანჯელესში მდებარეობს. მერკვილაძე ლეიკერსის ფანია, მოთამაშეებიდან კი - ლებრონ ჯეიმსის. ‘LMU ძალიან პოპულარულია, აქ ბევრი კარგი ადამიანია. ვამაყობ, რომ მეც ერთ-ერთი ლომთაგანი გავხდი’, - ამბობს გუნდის ქართველი ახალწვეული.

NCAA-ის საკონფერენციო მატჩები 1 იანვრიდან იწყება, პირველი მეტოქე გონზაგაა, თუმცა მანამდე გუნდს არასაკონფერენციო მატჩებიც ექნება. ლოიოლა სექტემბრის დასაწყისიდან ემზადება ახალი სეზონისთვის. გუნდის მიზანი 1990 წლის შემდეგ პირველად 'მარტის სიგიჟეში' მოხვედრაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები