Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა გოლკიპერმა პეტერ შმეიხელმა, რომელიც “წითელი ეშმაკების” ღირსებას 1991-99 წლებში იცავდა, მკაცრად გააკრიტიკა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. შეგახსენებთ, რომ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში შვეიცარიაში იანგ ბოისთან დამარცხდა, შმეიხელმა კი ნორვეგიელ სპეციალისტს შემადგენლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაუწუნა:

“შემადგენლობის თაობაზე კითხვები ყოველთვის არსებობს, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული მოცემულობებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას. როდესაც პრემიერლიგაში ვესტ ჰემთან მატჩი მხოლოდ კვირას გელის და ჩემპიონთა ლიგაში პირველ შეხვედრას ატარებ, ვერ გავიგე, რატომ არ უნდა ითამაშო უძლიერესი შემადგენლობით? ხელოვნური გაზონის გათვალისწინებითაც კი, უნდა გახვიდე და უბრალოდ, ეს თამაში მოიგო. მეისონ გრინვუდი ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ის ახალგაზრდა ბიჭია, გოლები გააქვს და მომენტებს ქმნის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც. ვარანი გუნდში ახალი მოსულია, თუმცა, მინდორზე მისი ხილვაც მინდოდა.

რაც შეეხება თამაშიდან რონალდოს გაყვანას. ჩვენ, გუნდის ქომაგებს ყოველთვის გვინდა, რომ ის მუდამ მოედანზე იყოს, მაშინაც კი, როდესაც იუნაიტედი კაცნაკლული რჩება. საკმარისია მან ბურთი მიიღოს, რომ შესაძლოა, მომენტი შეიქმნას. მანჩესტერს ასეთი დონის ფეხბურთელის დამატება რამდენი ხანია უნდოდა, სულშერმა კი ის გაიყვანა და ბოლო წუთებზე მარსიალი ათამაშა, რომლის გაყიდვაც თავად უნდოდა. ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა. უცნაურია იმიტომაც, რომ მარსიალი დაცვაში ცუდად თამაშობს. ის კლასიკური შემტევია და შავი სამუშაოს შესრულება ნამდვილად არ უყვარს. გუნდი 10 ფეხბურთელით თამაშობს, წინ წასვლაზე არ ფიქრობს და ამ დროს მარსიალი გამოგყავს?!”.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ბერნში რონალდოს გოლით იგებდა, თუმცა, ვან ბისაკას გაძევების შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ქულის აღებაც კი ვეღარ მოახერხა. ანგარიში მუომი ნგამალეუმ გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი, გამარჯვების გოლი სიებატჩეუმ გაიტანა. იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს ესპანურ ვილიარეალთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები