Thumbnail
  • 'საკმარისია, მის რეაქციას დააკვირდეთ და ყველაფერს მიხვდებით'
  • ბრაულიო ვასკესმა ვალენსიასთან მარცხი ჯერაც ვერ მოინელა

ესპანური ოსასუნას წარმომადგენლებს ჯერაც ვერ მოუნელებიათ ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსიასთან მარცხი და თვლიან, რომ თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა იმ ეპიზოდმა იქონია, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო. საუბარია არჩათვლილ გოლზე, რომელსაც ოსასუნელთა სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი გამოეხმაურა.

“მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, რადგანაც ეს ხშირად სასჯელით სრულდება, თუმცა, ამჯერად გაჩერება არ მინდა. არ ვამბობ, რომ ვალენსიამ მოგება არ დაიმსხურა, თუმცა, იმ გოლის გაუქმება არ შეიძლებოდა. საკმარისია, მამარდაშვილის რეაქციას დააკვირდეთ და ყველაფერს მიხვდებით. მსაჯიც იქვე იყო, ყველაფერი თვალნათლივ დაინახა, გოლი ჩათვალა, შემდეგ კი, გამეორებაზე იგივეს უყურა და გააუქმა. ფეხბურთი ხომ მხოლოდ კადრების მონტაჟი არაა, რაღაც ადამიანმა თავადაც უნდა გადაწყვიტოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეხედეთ მამარდაშვილს, ის არაფერს აპროტესტებს, ესე იგი, ხვდება, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა”.

შეგახსენებთ, რომ მე-4 ტურის შეხვედრაში ვალენსიელებმა სტუმრად 4:1 მოიგეს, სადავო ეპიზოდი კი 3:1-ზე მოხდა. მატჩის 62-ე წუთზე მამარდაშვილი ბურთის ხელში დაფიქსირებას ცდილობდა, როდესაც ოსასუნას სერბი ნახევარმცველი დარკო ბრაშანაცი წამოეპარა, ის გააგდებინა და კარში შეაგდო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოსმა თავდაპირველად გოლი ჩათვალა, შემდეგ კი, VAR-ზე გადაამოწმა და ოსასუნელთა დიდი პროტესტის მიუხედავად, გააუქმა. 

20 წლის გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში უკვე 4 მატჩი დაუგროვდა, ამასთან, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ხოსე ბორდალასის გუნდი 10 ქულით სატურნირო ცხრილში თანალიდერია ატლეტიკოსთან და რეალთან ერთად. “ღამურები” მომდევნო ტურში, 19 სექტემბერს, “მესტალიაზე” სწორედ “სამეფო კლუბს” უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები