Thumbnail

აიზეა ტომასი შენგელიასთან? ცსკა NBA-ს ვარსკვლავთან მოლაპარაკებას აწარმოებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 32 წლის ამერიკელ კალათბურთელს 'ოლ სტარში' 2-ჯერ უთამაშია
  • რუსულ გრანდს ის მაიკ ჯეიმსის შემცვლელად სჭირდება

NBA-ს ვარსკვლავმა აიზეა ტომასმა, რომელსაც ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში 2-ჯერ უთამაშია, შესაძლოა, კარიერა თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ბერძენი ინსაიდერი გეორგი კოგალიდისი წერს, 32 წლის კალათბურთელთან, რომელსაც NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩში 2-ჯერ უთამაშია, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რუსულმა გრანდმა ახალი უკანახაზელის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელა კიდევ ერთ ამერიკელ მაიკ ჯეიმსს. მოსკოველების უმთავრესი სამიზნე კანადის ნაკრების 28 წლის გამთამაშებელი კევინ პანგოსი იყო, თუმცა, მან კარიერის გაგრძელება კლივლენდ კავალიერსში გადაწყვიტა და ცსკა-ც ტომასზე გადაერთო.

შეგახსენებთ, რომ აიზეას თითქმის სრულად გაუცდა ბოლო სეზონი. აპრილში მან 10 დღე გაატარა ნიუ ორლეან პელიკანსში, სადაც მას საშუალოდ 16 წუთში 7.7 ქულა და 1.7 პასი ჰქონდა, თუმცა, კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა. ამ ზაფხულს ის მოლაპარაკებას NBA-ს რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა, თუმცა, მისით არავინ დაინტერესდა.

ნიუ ორლეანამდე, ტომასს საკრამენტოს, ფენიქსის, ბოსტონის, კლივლენდის, ლეიკერსის, დენვერისა და ვაშინგტონის მაისურით უთამაშია, კარიერის განმავლობაში NBA-ში 528 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 18.1 ქულა, 2.4 პასი და 4.9 პასია. აიზეას საოცარი სეზონი ჰქონდა 2016-17 წლებში, როდესაც სელტიქსის რიგებში საშუალოდ 28.9 ქულას აგდებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები