Thumbnail
  • 'მისი თამაშის სტილი ნამდვილად უნიკალურია და პასის კულტურას მასში დიდი როლი უკავია'
  • 22 წლის ქართველი კალათბურთელის წინ მხოლოდ ბაქსის ვარსკვლავები არიან

ამერიკულმა ვებ-გვერდმა Behindthebuckpass მომავალი სეზონისთვის მილუოკი ბაქსის შემადგენლობას თვალი გადაავლო და პოტენციურად 6 საუკეთესო მეპასე დაასახელა, რომელთა შორის NBA-ს კლუბის ქართველი ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა.

ეს ნამდვილად წარმატებაა, რადგანაც სანდრო გასულ დრაფტზე მხოლოდ 54-ე ნომრად აირჩიეს და მას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში სადებიუტო მატჩები ჯერაც წინ ელის. აღნიშნულმა ვებ-გვერდმა საუკეთესო მეპასეთა ექვსეულში 22 წლის მამუკელაშვილს მე-6 ადგილი მიუჩინა და ასე დაახასიათა:

სანდრო მამუკელაშვილი მილუოკის კარგად შეეწყო

“ვფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში მამუკელაშვილი უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნასაც იმსახურებს, თუმცა, ვინაიდან მას NBA-ში ჯერაც არ უთამაშია, მოვერიდეთ, ბაქსის გამოცდილი მოთამაშეების ზემოთ დაგვეყენებინა. კოლეჯების ლიგის ბოლო სეზონში სანდროს შეტევაში დიდი როლი დაეკისრა და შედეგიან პასებშიც დიდი პროგრესი ჰქონდა. მისი საშუალო სარგებლიანობის კოფიციენტმა 4 %-ით მოიმატა, პასებში კი წინსვლა უფრო თვალსაჩინო იყო. კოეფიციენტი 11%-ით გაიზარდა და 20%-ს გადააჭარბა. სეტონ ჰოლის მაისურით სანდროს საშუალოდ სამ პასზე მეტი ჰქონდა.

მისი სხეულის გათვალისწინებით, მამუკელაშვილის თამაშის სტილი ნამდვილად უნიკალურია და პასის კულტურას მასში დიდი როლი უკავია. საზაფხულო ლიგაში ამ მხრივ სანდროს შესაძლებლობები ნაწილობრივ ვიხილეთ და ეს, ნამდვილად ამაღელვებელი იყო. თუკი მან მილუოკის როტაციაში ადგილის მოპოვება მოახერხა, უდავოა, რომ საუკეთესო მეპასეთა რეიტინგშიც დაწინაურდება”.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის წინ კლასიფიკაციაში მხოლოდ ბაქსის წამყვანი კალათბურთელები აღმოჩნდნენ. პირველი პოზიცია კრის მიდლტონს ერგო, შემდეგ კი იანის ანტეტოკუნმპო, ჯრუ ჰოლიდეი, ჯორჯ ჰილი და დონტე დივინჩენცო მოდიან.

შეგახსენებთ, რომ მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც ის სეზონში 50 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი - G ლიგაში. საზაფხულო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა. შედეგად, ის ტურნირის მე-3 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები