Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბარსელონამ ბაიერნთან 0:3 წააგო და შანსი არ ჰქონია - კარშიც ვერ დაარტყა. მატჩი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა და ფეხბურთელმა ერიკ გარსიამ შეაფასეს.

კუმანის თქმით, ახლა გუნდში რთული ვითარებაა და ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას ელოდება, ხოლო გარსიამ აღნიშნა, რომ ამ ანგარიშით წაგება არ დაუმსახურებიათ.

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "ამ მატჩისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 3 თავდამსხმელი გვყავდა. ტაქტიკურად იყო მონენტები, როცა თამაშს ვაკონტროლებდით. ფაქტია, ახლა ასეთი ვითარებაა. ფეხბურთელებისადმი პრეტენზიებს ვერ გამოვთქვამ. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ორ-სამ წელიწადში უკეთესი მოთამაშეები გახდებიან. რთულია ამ შედეგის მიღება, მაგრამ უნდა დაველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას და ტრავმირებულები ფეხბურთელების დაბრუნებას".

ერიკ გარსია (ბარსელონას ფეხბურთელი): "ვფიქრობ, ანგარიში უსამართლოა. პირველი გოლი მას შემდეგ გავიდა, რაც ბურთი მე მოხვდა, მეორე და მესამე გოლები კი ლევანდოვსკიმ ძელზე მოხვედრის მერე გაიტანა. არ ვფიქრობ, რომ ამ სხვაობით წაგება დავიმსახურეთ. სავარაუდოდ, ევროპაში საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. თუმცა, გვქონდა კარგი მონაკვეთები, პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი თამაში წაგებული აქვს. ბაიერნამდე ესპანური გრანდი გასულ სეზონში პსჟ-სთან (1:4) და იუვენტუსთან (0:3) დამარცხდა და ბარსამ ისტორიაში პირველად წააგო ევროთასებზე ზედიზედ 3 საშინაო მატჩი. რონალდ კუმანის გუნდი მე-2 ტურში ლისაბონში, ბენფიკას სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები