Thumbnail

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შოთა არველაძის განცხადების შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კრიტიკისა და აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს და მის შინაარსობრივ ნაწილს ეთანხმება კიდეც, თუმცა, მისი კომენტარი არველაძის კონკრეტულ შეფასებას ეხებოდა.

"არ ვაპირებ ამ თემის გაგრძელებას და ჩემთვის ეს საკითხი დახურულია. აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვინმეს არ აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს, მათ შორის, შოთის ან აჩის. რასაკვირველია, უნდა დააფიქსირონ, მაგრამ ჩემი რეაქცია უკავშირდებოდა ბულგარეთთან მატჩს. შინაარსობრივ ნაწილში მას ვეთანხმები, თუმცა, მან ახსენა, რომ ფეხბურთელებს თავი ანტალიის შეკრებაზე ეგონათ. 3 მცველით ვითამაშეთ თუ ხუთით, არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია. საზოგადოებაში როგორ გამოვიდა ეს მესიჯი? მწვრთნელმა ათამაში გუნდი 3 მცველით ისე, რომ მანამდე ნავარჯიშები არ ჰქონდა, ხომ? რა იცი, რომ ვარჯიშზე 3-მცველით არ ათამაშა გუნდი? იქ იყავი? უბრალოდ საერთოდ არაფერ შუაში იყო და არასწორი გახლდათ, თორემ აზრის დაფიქსირებაში პრობლემას ვერ ვხედავ", - თქვა კობიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა, "სპორტის საათთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ ვილი სანიოლი ბულგარეთის წინააღმდეგ 3-მცველიანი ტაქტიკის გამო გააკრიტიკა, რაზეც კობიაშვილმა უპასუხა, რომ უმჯობესი იყო მისი საქმისთვის მიეხედა.

საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში 3 წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და კოსოვოსთან (0:1), ესპანეთთან (0:4) და კოსოვოსთან (1:4) დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები