Thumbnail
  • საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაცს ოლიმპიადის მიღმა დარჩენა არ აპატიეს
  • მისი ხელმძღვანელობით, ქართველმა კალათბურთელებმა სამ ევრობასკეტზე ითამაშეს

სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა იგორ კოკოშკოვი, რომელსაც დიდი დრო საქართველოს ეროვნულ გუნდში აქვს გატარებული.

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა

კოკოშკოვი სერბებს 2019 წლიდან ავარჯიშებდა, მისი დათხოვნის მიზეზი კი ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩენა გახდა. სერბეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელი იყო, თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სერბი მწვრთნელი სტამბოლის ფენერბაჰჩეს დამრიგებელიც გახლდათ, თუმცა, მისი კონტრაქტი დალას მავერიქსმა გამოისყიდა, სადაც ის მთავარი მწვრთნელის ასიტენტად იმუშავებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნულ გუნდში კოკოშკოვს კიდევ ერთი სპეციალისტი, 72 წლის სვეტისლავ პეშიჩი შეცვლის, რომელსაც ჯერ კიდევ იუგოსლავიის ნაკრებში ევრობასკეტი 2001 და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი აქვს მოგებული. 

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3-ჯერ ათამაშა. სერბმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ევრობასკეტი 2017-ზე მიაღწია, სადაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთ ჯგუფში იყვნენ. საინტერესოა, რომ ქართველმა კალათბურთელებმა კოკოშკოვის გუნდს ბელგრადში 94:90 მოუგეს, თბილისში კი 66:92 დამარცხდნენ. მომავალ ევრობასკეტზე ორივე გუნდი ითამაშებს, საქართველო კი სულაც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.

კომენტარები

ბოლო ამბები