Thumbnail
  • 📅 15 სექტემბერი | 🏟 სან სირო | ⌚ 23:00 | ⚽ ინტერი V რეალი
  • ინტერი და რეალი ზედიზედ მეორე სეზონია, ერთ ჯგუფში არიან
  • ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ორივე იტალიელი
  • სეზონი ინტერმაც კარგად დაიწყო და რეალმაც
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე დღის ერთ-ერთი მთავარი თამაში მილანის ინტერის და მადრიდის რეალის დაპირისპირებაა. საინტერესოა, რომ D ჯგუფში დონეცკის შახტარიცაა - გასულ სეზონშიც ეს სამივე გუნდი ერთ ქვეჯგუფში იყო. ახლა განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მეოთხე გუნდი ტირასპოლის შერიფია, შარშან კი მიონხენგლადბახის ბორუსია გახლდათ.

რეალმა ინტერი წინა სეზონში ორივე მატჩში დაამარცხა - მილანელებს რევანშზე ფიქრი მართებთ. თუმცა, შარშანდელთან შედარებით, მადრიდელთა და მილანელთა რიგებში რაღაცები შეიცვალა - პირველ რიგში კი, მთავარი მწვრთნელები. ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე კარლო ანჩელოტიმ და სიმონე ინძაგიმ შეცვალეს. ინძაგისთვის ეს მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის სტატუსით. დებიუტი შარშან ჰქონდა, როცა ლაციოს წვრთნიდა და გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა. ანჩელოტის კი პირიქით - ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული, მათ შორის, ერთხელ სწორედ რეალში (2014/15 წლების სეზონში).

მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად დაიწყო. რეალმა ლა ლიგაში 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა და საგულისხმოა, რომ სამი მატჩი სტუმრად ჩაატარა. ანჩელოტის შეგირდებმა კვირას ვიგოს სელტას ქარიმ ბენზემას ჰეთ-თრიკით 5:2 აჯობეს და ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა, სადაც "სამეფო კლუბი" წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნდა. ინტერმა კი სერია A-ს სამ ტურში ჯენოას და ვერონას მოუგო, ბოლო ტურში კი გენუაში სამპდორიასთან ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრე ითამაშა (2:2). მიუხედავად ამისა, ინძაგის გუნდს კარგი პრესა აქვს და ჯერ საერთოდ არ ეტყობა, რომ გუნდი ლიდერებმა, რომელუ ლუკაკუმ და აშრაფ ჰაკიმიმ დატოვეს.

ინტერი ბოლო სამი სეზონია ჯგუფიდან ვერ გადის, პლეი ოფში ბოლოს 2012 წელს იყო

მილანურ გუნდში ტრავმების მხრივ პრობლემები პრაქტიკულად არ არის. სამპდორიასთან დაშავდა ნახევარმცველი სტეფანო სენსი და ვერ ითამაშებს. ალესანდრო ბასტონის საკითხი ჯერ გასარკვევია, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ ითამაშოს. გაცილებით დიდი დანაკლისითაა რეალი - ანჩელოტის მარსელოს, გარეთ ბეილის, ტონი კროოსის, ფერლან მენდისა და დანი სებალსიოსის დახმარების იმედი ვერ ექნება.

"შანსი გვაქვს, რომ ჩვენს აწმყოში ლამაზი გვერდი დავწეროთ. ადვილი ჯგუფი არ არის, მაგრამ პირველი მიზანი სწორედ ჯგუფიდან გასვლაა. მსგავს თამაშებში გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. რეალის გარდა, აქ არის ორი გუნდი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი ცხოვრება გაართულონ. ანჩელოტის ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს ნორმალურია, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია ისტორიაში. მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დღე იქნება. ინტერს წლებია, პლეი ოფში არ უთამაშია და გვინდა, ეს შევცვალოთ", - თქვა სიმონე ინძაგიმ მატჩამდე.

"გუნდში კარგი ვითარებაა. სელტასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამჯერად სხვა თამაში იქნება. ინტერში იგივე სტრუქტურაა, რაც შარშან, უბრალოდ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. უნდა ვეცადოთ, კარგი მატჩით ჩავატაროთ და კარგად დავიწყოთ ტურნირი, რომელიც ამ კლუბისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვისაც განსაკუთრებულია, ორჯერ მოვიგე, როგორც ფეხბურთელმა, ბოლოს კი როგორც მწვრთნელმა. რეალის მე-10 ტიტული ჩემს მეხიერებაში ყოველთვის დიდ მოგონებად დარჩება. ბავშვობაში ინტერის ქომაგი ვიყავი, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო მომიწია შეცვლა, რადგან მერე რომაში წავედი. ინტერი იყო გუნდი, რომელიც ჩემში ყოველთვის სიმპათიას იწვევდა. მილანში მუშაობის პერიოდში დერბი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო", - თქვა ანჩელოტიმ.

ქარიმ ბენზემამ ლა ლიგის 4 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა

რეალი V ინტერი მე-20 საუკუნეში გამორჩეული დაპირისპირება იყო. 1998-1999 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ორივე გუნდმა შინ მოიგო (რეალმა 2:0 და ინტერმა 3:1). 60-იან და 80-იან წლებში ამ გუნდების თამაში ნამდვილი კლასიკა გახლდათ. 1964 წელს ისინი ჩემპიონთა თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ინტერმა 3:1 მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ნახევარფინალში (1966 და 1981 წლებში) ერთხელ კი მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ (1967 წელს) - ორჯერ რეალი გავიდა შემდეგ ეტაპზე, ერთხელ ინტერი.

ეს მხოლოდ ჩემპიონთა თასზე და 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც რეალმა ორჯერვე დრამატულად მოიგო (1985 წელს, 0:2, 3:0 და 1986 წელს 1:3, 5:1 დამატებით დროში). 1983 წელს თასების თასზე მეოთხედფინალში ორმატჩიანი დაპირისპირება ისევ მადრიდელებმა მოიგეს (1:1, 2:1). ბოლო ორი დაპირისპირება კი როგორც ვთქვით, გასულ სეზონში შედგა და ორჯერვე რეალმა მოიგო - მადრიდში 3:2 და მილანში 2:0.

საინტერესო ფაქტები

ინტერი და რეალი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად ზედიზედ მეორედ არიან. გასულ სეზონში ესპანელებმა ორივე მატჩი მოიგეს, მათ შორის, "სან სიროზე" 2:0.

ინტერს რეალთან ბოლო ხუთი მატჩიდან 4 წაგებული აქვს (1 მოგება). ეს იმდენივე წაგებაა, რამდენიც მანამდე განიცადა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ 12 თამაშში (6 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი).

რეალს ინტერთან ბოლო 8 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ 1 აქვს მოგებული (2 ფრე, 5 მარცხი). ეს ერთადერთი გამარჯვება 2020 წლის ნოემბერში მოიპოვა (2:0).

ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური გუნდი ბოლოს 2010 წელს დაამარცხა, როცა ჟოზე მოურინიოს გუნდმა ნახევარფინალში ბარსელონას 3:1 მოუგო. მას შემდეგ 7 მატჩიდან "ნერაძურიმ" 6 წააგო (1 ფრე).

რეალმა იტალიურ გუნდებთან ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო და ერთადერთხელ წააგო 2018 წლის აპრილში, იუვენტუსთან. "სამეფო კლუბმა" იტალიელებთან ბოლო 6 თამაში მოიგო ბურთების შესანიშნავი საერთო ბალანსით - 14:3.

უეფას ტურნირებზე (1967 წლიდან) ამ გუნდებს შორის ბოლო 12 მატჩიდან ყოველთვის მასპინძლები იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე, სანამ უკანასკნელი თამაში (გასული წლის ნოემბერში) მილანში რეალმა არ მოიგო.

სიმონე ინძაგის კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ ორჯერ მოუწია სამწვრთნელო კარიერაში დაპირისპირება. 2018/19 წლების სეზონში ანჩელოტის ნაპოლიმ ინძაგის ლაციო ორივე მატჩში 2:1 დაამარცხა.

კარლო ანჩელოტიმ რეალს 2013-2015 წლებში ჩემპიონთა ლიგის 25 მატჩში უხელმძღვანელა და პირველ სეზონში ჩემპიონიც გახდა. ხსენებული 25 თამშის 76% მადრიდელებმა მოიგეს (25 თამაში, 19 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება) და ეს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია ნებისმიერი მწვრთნელისთვის ნებისმიერ გუნდში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 20 მატჩი აქვს გამართული.

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიიჩი თუ ითამაშებს, გახდება რეალის რიგით მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მასზე ასაკოვანი მხოლოდ ჩენდო იყო, რომელმაც 1997 წლის ნოემბერში როსენბორგთან 36 წლის და 46 დღის ასაკში ითამაშა. მოდრიჩი 36 წლის და 6 დღისაა.

ეს იქნება ქარიმ ბენზემას მე-17 სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე და 1 გოლი სჭირდება, რომ რაულს გადაასწროს ტურნირის ყველა დროის ბომბარდირებში და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლოს. ორივე ფეხბურთელს ამ დროისთვის 71 გოლი აქვს გატანილი. ბენზემა რაიან გიგზთან და ლიონელ მესისთან ერთ-ერთია იმ სამი ფეხბურთელბიდან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 16 სეზონში აქვთ გოლი გატანილი.

ედინ ჯეკომ ჩემპიონთა ლიგაზე თავის ბოლო ორ სეზონში (2017/18, 2018/19 რომაში) 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ჯეკოზე (35 წლის და 182 დღის) უფრო ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი აქვს გატანილი, ხავიერ ძანეტია, რომელმაც 2010 წლის ოქტომბერში ტოტენჰემს გაუტანა (37 წლის და 71 დღის).

ინტერის ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

რეალის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

ინტერისა და რეალის ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

რეალი და ინტერი ერთმანეთს მე-18-ედ შეხვდებიან. ბალანსი ესპანელთა სასარგებლოდაა - 8 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩიდან 5 მოგება ინტერს, 1 ფრე და 5 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი - დარმიანი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი - ჯეკო, ლაუტარო მარტინესი.
ტრავმა: სენსი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, გუტიერესი - ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი - აზარი, ბენზემა, ვინისიუსი
ტრავმა: კროოსი, სებალიოსი, მარსელო, მენდი, ბეილი

კომენტარები

ბოლო ამბები