Thumbnail
  • რეპორტაჟი მოჰამედ სალაჰის მშობლიური ნაგრიგიდან
  • გზა, რომელიც ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავობამდე გაიარა

ავტობუსის ფანჯარაში მოჰამედ სალაჰის მოწყენილი სახე ჩანს. ცრემლებს ვერ იკავებს. მის თანაგუნდელებს სახეზე ღიმილი დაუბრუნდათ, 16 წლის სალაჰი კი განადგურებულია…

“ეს იყო ერთ-ერთი პირველი მატჩი, რომელიც მან ჩვენს გუნდში ჩაატარა. 2:0-ს ვიგებდით, როცა მწვრთნელმა ბოლო 15 წუთში მოედანზე სალაჰი მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუშვა. მომ ძალიან ცუდად ითამაშა, ზედმეტად ნერვიულობდა. თამაში საბოლოოდ 2:2 დასრულდა და მატჩის შემდეგ ყველანი ცუდად ვიყავით,” - იხსენებს სალაჰის პირველი კლუბის, მოკავლოონის ყოფილი კაპიტანი ეჰაბ ელ მასრი, რომელიც ახლა 32 წლისაა.

★★★

სწორედ ეს იყო კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეგვიპტელი ფეხბურთელისთვის, რომელიც ახლა უკვე 25 წლისაა და რომელიც უკვე 8 თვეა, საფეხბურთო მსოფლიოს აღაფრთოვანებს. 32 გოლით სალაჰმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა და ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შაბათს, მო ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს - მისი ლივერპული მადრიდის რეალს ხვდება.

► საიდან მოდის ფეხბურთელი, რომელმაც ზღაპრული სეზონი ჩაატარა?

► როგორ შეძლო სალაჰმა ის, რომ უღარიბესი ეგვიპტური პროვინციიდან ფეხბურთის მეგა-ვარსკვლავი და მულტი-მილიონერი გახდა?

► რას ამბობენ ნაცნობები, მეგობრები და ნათესავები სალაჰის შესახებ?

გერმანულმა “ბილდმა” ლივერპულის გულშემატკივრების ერთ-ერთი უმთავრესი იმედის სამშობლოში იმოგზაურა და მისი ბავშვობის ადგილები და მეგობრები მოინახულა.

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • მთელი რეალი
  • მოჰამედ სალაჰი

ნაგრიგი კაიროდან ჩრდილოეთით, 130 კილომეტრში მდებარეობს. იქ ტურისტები არ დადიან. ნაგრიგში მხოლოდ იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც იქ გაიზარდნენ, ანაც ძალიან კარგად იციან, ვ ი ნ გაიზარდა იქ. სალაჰის მშობლიურ პროვინციაში ცუდი გზებია - ქვაღორღიანი, ორმოებიანი. მიუხედავად იმისა, რომ კაიროდან მხოლოდ 130 კილომეტრია, ნაგრიგში ჩასასვლელად 3 საათზე მეტი გჭირდება. უშუალოდ ნაგრიგში ყველა გზა და ქუჩა მტვრიანია, გზის მიღმა კი ნაგავი იწვის. უსახელო ქუჩები, უნომრო სახლები, არანაირი ტროტუარი. სამაგიეროდ, უცხოს ბევრი ვირი და ადამიანის უთვალავი თვალი გიყურებს.

★★★

სწორედ აქ, სადღაც, არაფრის შუაგულში იწყება მოჰამედ სალაჰის ისტორია. აქ დაიბადა. აქ დადიოდა სკოლაში. აქ დაიწყო ფეხბურთის თამაში და აქ, ყველა ბავშვს ისეთი მაისურა აცვია, რომელსაც უკან Salah აწერია. ლივერპულის ან ეგვიპტის ნაკრების ფორმის, ან მსგავსი მაისურის ფული რომ არ ჰქონდათ, ზოგმა უბრალოდ რაღაც მაისურა აიღო და ეგვიპტეში ყველაზე პოპულარული ადამიანის გვარი ხელით მიაწერა.

ნაგრიგელი ბავშვები - მოჰამედ სალაჰი მათი სიამაყე და მისაბაძი მაგალითია

მისი ბიძაშვილი, 40 წლის აჰმედ გალი ჯერ კიდევ იმ 3-სართულიანი შენობის გვერდით ცხოვრობს, რომელიც ადრე სალაჰის სახლი იყო და ღიმილით იხსენებს: “მოს ყოველი დღე ერთნაირი იყო. ჯერ სკოლაში მიდიოდა, მერე ფეხბურთის სათამაშოდ. მისთვის სხვა არაფერი არსებობდა.”

სალაჰმა ცოლი 2013 წლის 17 დეკემბერს შეირთო. მაგი და მო ნაგრიგში დაქორწინდნენ

სახლიდან სკოლა და ფეხბურთის მოედანი ფეხით მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზეა. სალაჰის ცხოვრების პირველი 12 წლის მოვლენები სწორედ აქ, ამ 500-მეტრიან რადიუსში ვითარდებოდა. მერე კი იყო სკოლის ტურნირი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

სასკოლო ტურნირზე კაიროდან პირველი ლიგის კლუბის, მოკავლოონის სკაუტები ჩამოვიდნენ და სალაჰის თამაში პირველად ნახეს. სინამდვილეში, მათ სულ სხვა ფეხბურთელზე დაკვირვება ჰქონდათ დავალებული, მაგრამ საუკეთესო სალაჰი იყო, რის გამოც სინჯებზე სწორედ მო დაპატიჟეს. ოღონდ, არა პირდაპირ მოკავლოონში, არამედ მის პარტნიორ კლუბ ოთმათონში. ეს გუნდი ტანტაში (30 კილომეტრი ნაგრიგიდან) თამაშობს და მოკავლოონის ფარმ-კლუბია.

მოჰამედ სალაჰმა თავის სკოლას ასეთი მოედანი გაუკეთა

აი, რას ამბობს კლუბის მაშინდელი მენეჯერი, 51 წლის ალაა ოკაშა, რომელიც ახლა პრეზიდენტია: “მოჰამედ სალაჰი 2005 წელს, 9 სხვა ფეხბურთელთან ერთად მოიყვანეს. ორმხრივი თამაშის დაწყებიდან 5 წუთიც კი არ იყო გასული, მე კი უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ფეხბურთელი გუნდში უნდა აგვეყვანა.”

სალაჰს სასწრაფიდ ფოტო გადაუღეს და მოს მამამ პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. სალაჰი მაშინ 13 წლის იყო.

★★★

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოს დიდი გეგმები, მიზნები და ოცნებები ჰქონდა. ერთადერთი, რაც ხელს უშლიდა, მისი აღნაგობა იყო.

ოთმათონში მისი მწვრთნელი ტარეკ ომარა გახლდათ, რომელიც ახლა 47 წლისაა. მან კარგად იცის, რაში იყო ძლიერი და რა უჭირდა პატარა სალაჰს: “ძალიან ორგანიზებული, კონცენტრირებული და მონდომებული ბიჭი იყო. რაც ყველაზე მთავარია, მოსმენა იცოდა. ყოველთვის უდიდესი ყურადღებით მისმენდა. მთელ ეგვიპტეს პირველ რიგში იმის გამო უყვარს, რომ ძალიან ზრდილობიანია. დღეს უკვე უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ზრდილობა მაინც არ დაკარგა! ამას ყველა ხედავს და აფასებს. პრობლემა მხოლოდ ის იყო, ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო. ფეხბურთში მარტო სისწრაფე ხომ არ არის…”

მო სალაჰის ყოფილი მწვრთნელი ტარეკ ომარა

მიუხედავად ამისა, სალაჰი მაინც არ დანებდა! ომარა: “ძალიან უნდოდა, რომ ეს პრობლემა აღმოეფხვრა და მაგრად მუშაობდა, ბევრს ვარჯიშობდა.” შესაბამისად, შედეგსაც მიაღწია: 6 თვეში მოკავლოონის წარმომადგენლებმა დარეკეს და საუკეთესო ტალანტის წაყვანა მოითხოვეს. ოკაშა: “სამწუხაროდ, უნდა გაგვეშვა. სხვანაირად არ გამოდიოდა. სალაჰი ჩვენთვის უკვე ზედმეტად მაგარი ფეხბურთელი იყო.

ტრანსფერი მოსთვის დიდი გამოწვევა იყო - არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ იმის გამოც, რომ შორ მანძილზე უნდა ევლო. ავტომობილის მართვა ჯერ არ შეეძლო, ტრანსპორტით კი, კაიროში ჩასვლას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა.

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მოჰამედ სალაჰი

მოკავლოონის ყოფილი თავდამსხმელი, 63 წლის ჰამდი ნოო იხსენებს: “სალაჰი ყველა ვარჯიშზე მოდიოდა და ერთხელაც არ დაუგვიანია. ავტობუსით ჩამოდიოდა, 4-ჯერ უნდა გადამჯდარიყო! დიახ, მართლა 4-ჯერ! ყოველდღე 10 საათი გზაში იყო! და არასდროს აგვიანებდა. ეს სიგიჟეა!”

ნოო მოკავლოონში სალაჰის პირველი მწვრთნელი იყო და როცა მიხვდა, რომ მოს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებდა, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა. ჰამდი ნოო სალაჰის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს გვიჩვენებს, სადაც დღეს უკვე მსოფლიო ვარსკვლავი მას მეორე მამას უწოდებს. “ჩემთვის კი შვილია! შვილივით მიყვარს!” - დასძენს ნოო.

ჰამდი ნოო სალაჰს მამასავით უყვარს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიჰყავს

ჰამდი სალაჰის მიმართ ხანდახან მკაცრიც იყო. ამბობს, რომ სალაჰს ხშირად ვარჯიშამდე 2 საათით ადრე ხვდებოდა: “ძალიან მაგარი მარცხენა ფეხი ჰქონდა, მაგრამ მარჯვენა ფეხის გამოყენებაც უნდა მესწავლებინა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გოლის თავით გატანასაც ისწავლის. ერთხელ არ ვათამაშე და ძალიან დამწუხრებული იყო. მუხლი სტკიოდა, მაგრამ თამაში მაინც უნდოდა, მე კი არ გავრისკე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ტიროდა.”

ყოველდღე 10-საათიანმა მგზავრობებმა მას დაღი მაინც დააცვა. “ყოველდღე ამ გზის ორჯერ გავლა ისედაც წარმოუდგენლად რთულია, სალაჰი კი ასე 1 წლის განმავლობაში მგზავრობდა. მერე შევამჩნიეთ, რომ უკვე გადაიღალა, ვარჯიშებზე დაქანცული მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ერთხელაც კი არაფერი უთხოვია. ფაქტი იყო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გუნდის სასტუმროში დავაბინავეთ, რომელიც სტადიონზევეა აშენებული,” - იხსენებს ნოო.

სალაჰის ბიძაშვილი თავის შვილებთან ერთად

სალაჰის ოთახი მე-5 სართულზე მდებარეობდა - ეს იყო ნომერი 508, რომელშიც ფოტოების გადაღება არ შეიძლება. ეს არის ერთოთახიანი ნომერი, 20 კვადრატული მეტრი - ხალიჩით, მაცივრით, ტელევიზორით, აბაზანით და ხედით მოედანზე. ნომერი ორ კაცზეა გათვლილი - სალაჰთან ერთად მოჰამედ ელნენი ცხოვრობდა, რომელიც ახლა ლონდონის არსენალის ფეხბურთელია.

როგორც კი კლუბის სასტუმროში დასახლდა, სალაჰმა პროგრესირება დაიწყო. ამიერიდან, სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა, ისე კი კაიროში დასახლდა. სალაჰი ბევრ დროს ატარებდა თანაგუნდელებთან - თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს ან Playstation-ს. რაც ყველაზე მთავარია, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნოო: “ყოველ სეზონში მინიმუმ 30-35 გოლი გაჰქონდა!”

16 წლის იყო, როცა პროფესიონალებში გადაიყვანეს!

► თავიდან, მისი ხელფასი წელიწადში 50 000 ეგვიპტური გირვანქა იყო, რაც დაახლოებით 2 400 ევროა (წელიწადში!). დღეს, სალაჰი კვირაში დაახლოებით 100 000 ევროს იღებს!

► მარცხენა მცველის პოზიციაზე თავს კარგად არ გრძნობდა. მას მერე, რაც თავდასხმაში გადაიყვანეს, თავიდან სათადარიგო იყო, მერე კი შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. 2011/2012 წლების სეზონში მან 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მერე სეზონი შეწყდა - სტადიონის უდიდესი კატასტროფის ამბავი გეხსომებათ - ალ მასრისა და ალ აჰლის თამაშზე, 2012 წლის 1 თებერვალს ფანებმა მასობრივად იჩხუბეს - 74 ქომაგი გარდაიცვალა.

სალაჰის სახლი ნაგრიგში - მო ბოლო სართულზე ცხოვრობდა

2012 წლის 16 მარტს, შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში სალაჰი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვეს - 2 ბურთი გაიტანა და ეგვიპტეს 4:3 მოაგებინა. სწორედ მაშინ დაინტერესდნენ ბაზელის ხელმძღვანელები და სალაჰი სინჯებზე დაპატიჟეს. სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, მომ ბაზელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისმა კლუბმა კი დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო მიიღო.

ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, უკვე ყველასათვის ნაცნობი ისტორიაა. 2017 წელს სალაჰი ლივერპულში გადავიდა, სადაც იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, პრემიერლიგის ბომბარდირი და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მოჰამედ სალაჰი მოკავლოონის იუნიორთა გუნდში

ამბობენ, რომ მისით მადრიდის რეალია დაინტერესებული. ლივერპული სალაჰს დაახლოებით 200 მილიონ ევროდ აფასებს.

ბიძაშვილი აჰმედი ამბობს: “როცა მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდება, მო ისევ ჩვენთან ჩამოვა. ჩვენი უახლოესი ნათესავის ქორწილია, რომელიც მის გარეშე წარმოუდგენელია.”

კაიროდან ავტობუსით 5-საათიანი მგზავრობა და გზაში 4-ჯერ გადაჯდომა აღარ მოუწევს. სალაჰი ეგვიპტეში ყველაზე პოპულარული ადამიანია - საპრეზიდენტო არჩევნებში ხმები ისე მიიღო, არც კი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად ის ადგილი უყვარს, სადაც ყველაფერი დაიწყო - ნაგრიგის მტვრიანი ქუჩები...

ასე გამოიყურება ნაგრიგის ქუჩები

კომენტარები

ბოლო ამბები