Thumbnail
  • ესპანეთის სუპერთასის საუკეთესო მომენტის გმირი ქართველი კალათბურთელი გახდა
  • გიორგი შერმადინმა ბლოკ-შოტით მადრიდის რეალის ცენტრი ვინსენ პუარე შეაჩერა

ესპანეთის ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სუპერთასის თამაშები შეაჯამა და TOP 10-ში საუკეთესოდ ის მომენტი აღიარა, რომლის მთავარი გმირიც ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იყო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალთან ნახევარფინალურ მატჩში შერმადინმა მეტოქის გამოცდილ ცენტრს ვინსენ პუარეს უკნიდან დააფარა და ფრანგს ლამის უეჭველი 2 ქულა ამოაცალა. 

პუარეს ბოსტონისა და ფილადელფიას მაისურით NBA-ში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, შერმადინთან და მის თანაგუნდელებთან ჭიდილში, 5 პერსონალური ფოლის გამო ისიც გავარდა და რეალის მე-2 ცენტრი ვალტერ ტავარეშიც.

გიორგი შერმადინმა რეალთან გამორჩეულად ითამაშა

აღნიშნული შეხვედრა ტენერიფელებმა 70:72 კი წააგეს, თუმცა, ქართველი ცენტრისთვის მატჩი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გიორგიმ მოედანზე 25:15 წუთი გაატარა და 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი ლეგიონერი ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა, ახალ სეზონში კი მისი გუნდი 18 სექტემბერს ჩაებმება. ამ დღეს ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესას ახალწვეულ რიო ბრეოგანს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები