Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა დენვერის მაისურით საზაფხულო ლიგაშიც ითამაშა
  • გიორგი ბეჟანიშვილს, სავარაუდოდ, მეტწილად, G ლიგის გუნდში დატვირთავენ

დენვერ ნაგეთსმა კონტრაქტის გაუფორმა ქართველ კალათბურთელ გიორგი ბეჟანიშვილს, რომელმაც კლუბის მაისურით NBA-ს საზაფხულო ლიგაშიც ითამაშა.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ საუბარია არასტანდარტულ ხელშეკრულებაზე (Exhibit 10 contract), რომელიც ერთ წელზეა გათვლილი მინიმალური სახელფასო ფონდით და არ ითვალისწინებს ბონუსების სისტემას. სპეციალური პუნქტის თანახმად, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია, ის სრულფასოვან კონტრაქტად გარდაიქმნას, თუმცა, ეს რეგულარული სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს. ამასთან, კლუბს უფლება აქვს, კალათბურთელთან ურთიერთობა ნებისმიერ დროს გაწყვიტოს.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, კლუბებს მოთამაშეები სათადარიგოთა რანგში ჰყავთ და მისი განაცხადში დამატება შეუძლიათ, მანამდე კი, მეტწილად, მათ განვითარების ლიგაში ტვირთავენ. დენვერ ნაგეთსისთვის G ლიგაში პარტნიორი კლუბი Grand Rapids Gold-ია და მოსალოდნელია, რომ ავსტრიის მოქალაქეობის მქონე ქართველი კალათბურთელი სწორედ მის ღირსებას დაიცავს, თუმცა, გიორგისთვის აღნიშნული სახის კონტრაქტიც რომ დიდი სტიმული იქნება, ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილმა საზაფხულო ლიგაში დენვერის რიგებში მაიამისთან, ბოსტონთანა და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკისთან ითამაშა და ჯამში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 3 სეზონი ილინოისში ჩაატარა, სადაც 95 მატჩში (57 სასტარტოში) საშუალოდ 8.2 ქულა და 4.3 მოხსნა ჰქონდა. ამგვარად, ახალ სეზონში საქართველოს NBA-ში 3 კალათბურთელი ეყოლება: ბეჟანიშვილი, მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი).

კომენტარები

ბოლო ამბები