Thumbnail

‘უარესები ამიტანია და მომითმენია’ - შოთა არველაძემ კობიაშვილს უპასუხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

შოთა არველაძე “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს გამოეხმაურა. ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი წერს, რომ არ მიმართავს კონკრეტულ ადამიანს, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც მანამდე კომენტარი გააკეთა, მაგრამ ცხადია, რომ ეს კობიაშვილის განცხადებაზე პასუხია. 

შოთა არველაძის განცხადება

“ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.

უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც -  ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას: მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა.”

მანამდე, კობიაშვილმა ძმებ არველაძეების შეფასებებზე კომენტარი ტელეკომპანია "იმედზე" გააკეთა. გადაცემაში "სპორტი იმედზე" მან ასეთი რამ თქვა: "წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან და კომენტარებს აკეთებენ... აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რამე შეგეძლო?! ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს."

ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი,...

Posted by Shota Arveladze on Monday, September 13, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები