Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩის ფანტასტიკურ კარიერაში ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხია.

34 წლის სერბმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალი რუს დანიილ მედვედევთან, ყველასათვის მოულოდნელად, 3 სეტში, 4:6, 4:6, 4:6 დათმო და ხელიდან გაუშვა შანსი, ყველა დროის რეიტინგში როჯერ ფედერერისთვის და რაფაელ ნადალისთვის გადაესწრო. როგორც იცით, სამივე მათგანს 20-20 დიდი სლემი აქვს მოგებული. გარდა ამისა, ნოლეს შეეძლო, მოეგო ოთხივე დიდი სლემი ერთი კალენდარული წლის მანძილზე.

“თუკი ვინმემ ტიტული დაიმსახურა, ეს შენ ხარ,” - თქვა ფინალის შემდეგ ჯოკოვიჩმა, რომელიც ცრემლებს თამაშის დროსაც კი ვერ იკავებდა და მაყურებლებსაც მიმართა: “მართალია, ფინალი ვერ მოვიგე, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. თქვენ დღეს ჩემს სულს შეეხეთ!”

'ფანებმა სასიამოვნოდ გამაკვირვეს. ამას არ ველოდი!'

მოგვიანებით, ჯოკოვიჩმა ფინალის ემოციებზე უფრო დეტალურად ისაუბრა: “ბევრი სხვადასხვანაირი ემოცია მქონდა. ყველაფერი, რაც დაჯილდოების დროს ვთქვი, მართალია, მაგრამ ცხადია, გულდაწყვეტილი ვარ. ამ მარცხის მიღება და გათავისება რთულია. მეორეს მხრივ, ვიგრძენი ის, რასაც არასდროს ვგრძნობდი ნიუ იორკში. მაყურებლების დამსახურებით რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. მე მათ სასიამოვნოდ გამაკვირვეს. ამას არ ველოდი! ასეთ მხარდაჭერას და სიყვარულს სამუდამოდ დავიმახსოვრებ. სწორედ ამიტომაც ვიტირე - ცრემლები უბრალოდ ვერ შევიკავე. ზედმეტად ძლიერი ემოციები იყო. ფინალი რომც მომეგო, მაინც ასეთი ემოცია მექნებოდა. მაყურებლები ჩემს სულს და გულს შეეხნენ. ასეთ მომენტებს ადამიანი ყოველთვის დააფასებ. ადამიანებთან ეს კავშირი სამუდამოდ დარჩება,” - განმარტა სერბმა.

მედვედევისთვის ეს პირველი დიდი სლემი იყო, ნოლე კი რეკორდის დამყარებას უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე შეეცდება. ეს წელი მან სამი დიდი სლემით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები