Thumbnail

‘მადლობელი ვარ, რომ გადავრჩი’ - ჰემილტონმა ფერსტაპენთან ავარიაზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება! სიცოცხლისთვის სახიფათოც კი…

ლუის ჰემილტონისა და მაქს ფერსტაპენის ავარია იტალიის გრანპრიზე ალბათ ყველამ ნახეთ, მაგრამ ახლა ამ ფოტოს კარგად დააკვირდით. მას შემდეგ, რაც მაქსის ბოლიდი ლუისის ბოლიდს ზემოდან მოექცა, მისი უკანა მარჯვენა ბორბალი ზუსტად ჰემილტონის თავზეა და აწვება!

“მანქანა თავში არასდროს მომხვედრია. ვერ წარმოიდგენთ, ისეთი მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი გადავრჩი. ღმერთს მადლობას ვეუბნები Halo-ს გამო, რომელმაც ფაქტობრივად გადამარჩინა.” - განაცხადა ჰემილტონმა.

შეგახსენებთ, რომ კოკპიტის დამცავი სახელწოდებით Halo ფორმულა 1-ში 2018 წელს დაინერგა და ის ბევრს არ მოსწონდა. არადა, ეს უმტკიცესი ნაწილი მართლაც მაგრად იცავს პილოტებს, რაც მონცას რბოლაში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

“რომ არა Halo, ალბათ საშინელება მოხდებოდა,” - ეს მერსედესის გუნდის შეფის, ტოტო ვოლფის სიტყვებია. სხვათა შორის, შარშან Halo-მ რომან გროსჟანიც გადაარჩინა. ჰემილტონი ტვიტერზე მაშინაც ასეთ რამეს წერდა: “მადლობა Fia-ს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და Halo დანერგა.”

ავარიაში ოფიციალურადაც ფერტაპენი დაადანაშაულეს. მაქსი მომდევნო რბოლაში (სოჭი, 26 სექტემბერი) სამი სასტარტო ადგილით უკან იქნება. არადა, მისი აზრით მომხდარში დამნაშავე ჰემილტონია: “ვფიქრობ, მან საკმარისი ადგილი არ დამიტოვა. მე მის გვერდით ვიყავი, ადგილი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, საბოლოოდ კი ორი მანქანის სივრცე არ დარჩა. ცხადია, რომ მერე ერთმანეთს შევეჯახეთ,” - აღნიშნა ფერსტაპენმა და დასძინა, ჰემილტონი კარგად არ მოიქცაო. ლუისი, რა თქმა უნდა, სხვანაირად ფიქრობს და რაც მთავარია. რბოლის კომისრებიც მას ეთანხმებიან.


შეგახსენებთ, რომ იტალიის დრამატული გრანპრის შემდეგ ცხრილში კვლავ მაქს ფერსტაპენი ლიდერობს - მას 226.5 ქულა აქვს და მხოლოდ 5 ქულით უსწრებს ჰემილტონს (221.5). მესამე ადგილზე ბოტასია 141 ქულით, მეოთხეზე - ნორისი (132), მეხუთეზე კი - სერხიო პერესი (118). მონცაზე დანიელ რიკარდომ მოიგო და ამ გამარჯვებით მე-8 ადგილზე აინაცვლა - მას ახლა უკვე 83 ქულა აქვს. მომდევნო გრანპრის 24-26 სექტემბერს რუსეთი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები