Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში დინამო ბათუმმა საბურთალოს ვერ მოუგო (1:1), მაგრამ ლიდერობა მაინც განიმტკიცა. იმის გამო, რომ თბილისის დინამო თელავში 0:1 დამარცხდა, გია გეგუჩაძის ლიდერი გუნდი მოქმედ ჩემპიონს ახლა უკვე 3 ქულით უსწრებს. მატჩის შემდეგ გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა - მან თავისი გუნდის თამაში და თბილისში დაფიქსირებული შედეგი შეაფასა. 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

"დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან რეალურად გვქონდა ამისთვის ყველანაირი საშუალება. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ - იმის მიუხედავად, რომ არაერთი შეცდომა დავუშვით.

იმის გათვალისწინებით, რომ მთელი გუნდი მხოლოდ 2 დღის წინ შევიკრიბეთ და მეტი დრო არ გვქონია, მთლიანობაში ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. ჩემპიონატის შეწყვეტა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ნაკრებებში ჩვენი ბევრი ფეხბურთელი იყო და დაირღვა ეს ერთიანობა.

ამ თამაშში უპირატესობას ვფლობდით, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და ამიტომ არის დასანანი, რომ ვერ მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძოლას, არც მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ რამე გაირკვევა. დინამო თბილისმა ქულები დაკარგა, ჩვენ ასე თუ ისე, ერთი ქულა შევმატეთ მონაგარს და მთელი ბრძოლა წინ არის".

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმს 47 ქულა აქვს და დინამო თბილისთან უპირატესობა ერთი ქულით გაზარდა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს.

საბურთალო 1:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯოვინო (2), 1:1 ტაბატაძე (48)

საბურთალო (3-4-2-1): გოშაძე, კაკუბავა, შ. ნონიკაშვილი, ჯგერენაია - მალი (46. მანდრიჩენკო), ცნობილაძე (66. ძებნიაური), ლ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე - გოჩოლეიშვილი (86. ჩაჩუა), გულიაშვილი (71. შულაია) - კოხრეიძე (86. კვერნაძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (81. გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, ზარია (58. მანჯგალაძე), ჯიღაური (81. ფანცულაია) - ჯოვინო

კომენტარები

ბოლო ამბები