Thumbnail

მამარდაშვილის მე-4 მატჩი ლა ლიგაში - გიორგის ვალენსია ჩემპიონატის ლიდერია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოსასუნა 1:4 ვალენსია
  • ქართველი მეკარის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით მოიგო

ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 თამაში ჩაატარა! ხოსე ბორდალასი 20 წლის ქართველ კიპერს ენდობა და პამპლონაში, ოსასუნასთან ისევ შეუცვლელად ათამაშა.

მამარდაშვილმა გოლი დასაწყისშივე, მე-8 წუთზე მონკაიოლასგან გაუშვა, მაგრამ გიორგის გოლში ბრალი ნამდვილად არ მიუძღვოდა. ტაიმის მიწურულს ქართველმა საკმაოდ რთული დარტყმა უკუაგდო და ეს ერთადერთი სეივი გამოდგა, რომელიც მიითვალა. გამოსვლებზე თამაშს თუ არ ჩავთვლით, ოსასუნას ფეხბურთელები მის შეწუხებას ვერ ახერხებდნენ.

62-ე წუთზე მამარდაშვილმა თითქოს შეცდომა დაუშვა, ბურთის ხელებში დაფიქსირებას ცდილობდა, როცა დარკო ბრაშანაჩმა ფეხი მიურტყა და ცარიელ კარში გაიტანა. მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და გაირკვა, რომ ქართველს ბურთი ორივე ხელით, მართალია არცთუ მყარად, მაგრამ დაფიქსირებული ჰქონდა და რეფერიმ გოლი გააუქმა.

ვალენსიამ ოსასუნას გონსალო გედეშის ლიდერობით 4:1 მოუგო, მამარდაშვილს კი ლა ლიგაში 4 მატჩი დაუგროვდა, ამასთან, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ხოსე ბორდალასის გუნდი 10 ქულით სატურნირო ცხრილში თანალიდერია (მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად), ხოლო მომდევნო ტურში "მესტალიაზე" მადრიდის რეალს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები