Thumbnail

მონცას რბოლა სრული სიგიჟე გამოვიდა!

იტალიის გრანპრიზე მსოფლიოს ჩემპიონობის მთავარმა ფავორიტებმა ერთმანეთი გააგდეს! ეს 26-ე წრეზე მოხდა - ლუის ჰემილტონისა და მაქს ფერსტაპენის ავარია უბრალოდ უნდა ნახოთ. შედეგად, რბოლას ორივე დაემშვიდობა. მომხდარი მათ დაპირისპირებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

ჰემილტონი კოკპიტის დაცვის სისტემა Halo-მ დაიცვა - რომ არა ის, ლუისი ამ ავარიას უვნებელი ვერ გადაურჩებოდა. მაქსი და ლუისი ბოლიდებიდან უვნებლად გადმოვიდნენ. “მე მას ადგილი დავუტოვე!” - ბრაზობდა ფერსტაპენი რაციაში. რომელიმეს ცალსახად დადანაშაულება რთულია.

მომხდარმა ბევრს აირტონ სენას და ალან პროსტის ლეგენდარული ავარია გაახსენა (იაპონიის გრანპრი, 1989). მსოფლიოს ჩემპიონობის ფავორიტებს ასეთი ავარია მაშინაც S-მოსახვევში მოუვიდათ. 

...და ვინ ისარგებლა მაქსისა და ლუისის ავარიით? მაკლარენმა, რომელმაც მოულოდნელად, ორმაგი გამარჯვება იზეიმა. პირველი დანიელ რიკარდო გახლდათ, მეორე კი მისი თანაგუნდელი ლანდო ნორისი. ეს ბრიტანული გუნდისთვის დიდი წარმატებაა - 10 წელია, მაკლარენის პილოტებს პოდიუმის საუკეთესო ადგილები არ დაუკავებიათ.

მესამე ადგილზე ვალტერი ბოტასი გავიდა. სპრინტის გამარჯვებულმა ფინელმა ჯარიმის გამო რბოლა ბოლოდან დაიწყო და მაინც პოდიუმზე მოხვდა.


იტალიის დრამატული გრანპრის შემდეგ ცხრილში კვლავ მაქს ფერსტაპენი ლიდერობს - მას 226.5 ქულა აქვს და მხოლოდ 5 ქულით უსწრებს ჰემილტონს (221.5). მესამე ადგილზე ბოტასია 141 ქულით, მეოთხეზე - ნორისი (132), მეხუთეზე კი - სერხიო პერესი (118). დანიელ რიკარდომ ამ გამარჯვებით მე-8 ადგილზე აინაცვლა - მას ახლა უკვე 83 ქულა აქვს. მომდევნო გრანპრის 24-26 სექტემბერს რუსეთი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები