Thumbnail

ლევან მაისაშვილი: ჩვენებს ბევრჯერ უთხრეს, რომ ღამეს ვერ გავატანდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘არავინ არ ელოდა, უცბად გავახილე თვალი, მთელი მედპერსონალი შოკში იყო’
  • ‘ბორჯღალოსნების’ თავკაცმა აფრიკაში გადატანილ ურთულეს პერიოდზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ტელეკომპანია იმედში იმყოფებოდა და ვრცლად ისაუბრა მის მიერ გადატანილ ურთულეს დაავადებაზე. “ბორჯღალოსნების” თავკაცი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მკურნალობდა და სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

“ვისარგებლებ შესაძლებლობით და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ვინც ჩემზე ნერვიულობდა. განსაკუთრებით, რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი ოჯახი. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს. რაგბის კავშირის ოპერატიული ქმედების შედეგად, მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მოვხვდი. ცალკე აღსანიშნავია, იქაური ექიმების და ქართველი ექიმის ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობის ამბავი. მოკლედ, უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა. ძალიან რთული პროცესი იყო. 6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან კი უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღის განმავლობაში გათიშული ვიყავი, აპარატი ფილტვებს ბერავდა 100 %-ით და სატურაცია 80 პროცენტზე ვერ აჰყავდათ. ბევრჯერ დადგა საკითხი და ბევრჯერ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, რომ ამ ღამეს ვერ გაატანსო. ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დოზით აცრილი. ორი დოზით აცრა ვერ მოვასწარი, ვადებში ვერ ჩავეტიე, რადგან გამგზავრება მომიწია. ფაქტია, რომ ვინც აცრილი იყო, მათ ეს პრობლემა არ ჰქონიათ. არავინ არ ელოდა, უცბად გავახილე თვალი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. ამის შემდეგ პროგნოზი იყო, რომ 3-დან 6 თვემდე დამჭირდებოდა რეაბილიტაცია, რეალურად კი, 10 დღეში გამოვკეთდი. საბოლოო ჯამში, ერთი თვე დამჭირდა, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი რეაბილიტაცია აქ უკეთ წავიდოდა. ჩამოსვლის დღიდან სატურაცია დალაგებული მაქვს, ჟანგბადი აღარ მჭირდება. წნევებიც დამირეგულირდა. ამჟამად ფილტვებს უნდა სერიოზული რეაბილიტაცია“.

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილი კორონავირუსით ივლისში დაინფიცირდა, როდესაც საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ტესტ-მატჩების ჩასატარებლად იმყოფებოდა. მას ფილტვები დაუზიანდა და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში დაახოებით 1 თვე მკურნალობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები