Thumbnail
  • ევანდერ ჰოლიფილდი ამაღამ რინგზე მართლაც ბრუნდება
  • კრივის 58 წლის ლეგენდა UFC-ის ექს-ჩემპიონს დაუპირისპირდება
  • ამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლის წინ უნდა იცოდეთ

ამ ჩხუბში კარგი სპექტაკლი და მაგარი შოუ გარანტირებულია!

ლეგენდარული მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგზე ბრუნდება - 58 წლის ასაკში. მსოფლიოს ექს-ჩემპიონი UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ვიტორ ბელფორტს დაუპირისპირდება. ბრძოლა თბილისის დროით 12 სექტემბერს, დილის 03:00 საათზე დაიწყება.

რა აზრი აქვს ამ ჩხუბს და რას უნდა ველოდოთ? მივყვეთ დეტალებს.

როდის იჩხუბა ბოლოს ჰოლიფილდმა?

ევანდერ ჰოლიფილდის უკანასკნელი ბრძოლა 2011 წლის 7 მაისით თარიღდება. მაშინ ის დანიელ ბრაიან ნილსენს დაუპირისპირდა და მას შემდეგ 10 წელიწადზე მეტია გასული. ნილსენს მაშინ 8-წლიანი პაუზა ჰქონდა და უკვე 46 წლის იყო, ჰოლიფილდი კი მასზე 1 წლით უფროსი გახლდათ. კოპენჰაგენში, 2000 მაყურებლის თვალწინ ამერიკელმა მე-10 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნილსენი მესამე რაუნდში დაეცა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და რინგზე კიდევ 7 რაუნდი გაძლო.

რატომ ბრუნდება ჰოლიფილდი?

ევანდერის დაბრუნებასთან დაკავშირებით ცნობები ადრეც ვრცელდებოდა. იყო ლაპარაკი მაიკ ტაისონთან ჩხუბზეც, მაგრამ ამ საქმიდან დღემდე არაფერი გამოვიდა. წელს, ივნისში ჰოლიფილდს კევინ მაკბრაიდთან უნდა ეჩხუბა, რომელიც ‘რკინის მაიკის’ პროფესიულ კარიერაში მისი ბოლო მეტოქე გახლდათ, მაგრამ ეს ბრძოლა კორონავირუსის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.

ის ფაქტი, რომ ჰოლიფილდი 11 სექტემბერს იჩხუბებს, მხოლოდ შემთხვევითობის ამბავია. რინგზე წესით 48 წლის ოსკარ დე ლა ჰოია უნდა გასულიყო, მაგრამ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორი იქნება ჩხუბი?

დაგეგმილია რვა 2-წუთიანი რაუნდი. ბრძოლა არა ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში”, არამედ მაიამისთან ახლოს, ერთ-ერთ კაზინოში გაიმართება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰოლიფილდს კალიფორნიის მოქმედი ლიცენზია არ აქვს. საამისოდ ზედმეტად ბევრი ტესტი უნდა ჩაებარებინა, რაც 11 სექტემბრამდე ვერ მოესწრებოდა. შესაბამისად, ორგანიზატორებმა ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს თავი აარიდეს.

ჰოლიფილდისა და ბელფორტის დუელი რეგულარულ პროფესიულ ბრძოლად უნდა ჩაითვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად, ეს არ არის შოუ-ჩხუბი და მხოლოდ საჩვენებელი ბრძოლა.

ბრძოლის ერთ-ერთი კომენტატორი სულაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება. “მიყვარს დიდი ჩხუბები და დიდი მებრძოლები. მიხარია, რომ ამ დუელს ვნახავ და მისი კომენტატორი ვიქნები,” - განაცხადა ტრამპმა.

აქვს ამ ჩხუბს საერთოდ აზრი?

ერთი რამ ცხადია: ჰოლიფილდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მოკრივეა. ტაისონთან მის ორივე ტრიუმფს თავი რომ დავანებოთ, “The Real Deal” ერთადერთი მოკრივეა ისტორიაში, რომელმაც მძიმე წონაში ჯამში მსოფლიოს ოთხი ჩემპიონობა იზეიმა. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლიფილდი რინგზე დასაბრუნებლად უკვე 16 თვეა ემზადება. “ევანდერი ახლა უფრო უკეთეს ფორმაშია, ვიდრე თავის ბოლო ბრძოლაში იყო. ეს დუელი აუცილებლად შევა ისტორიაში,” - ვკითხულობთ ორგანიზატორების პრეს-რელიზში.

“58 წლის ვარ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 28-ის ვიყო. ჯანმრთელობა და კონდიციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელი სრული და ჯანმრთელი სხეული დიდხანს სიცოცხლისა და ბედნიერების რეცეპტია,” - დაწერა ჰოლიფილდმა ინსტაგრამზე. არადა, მის ასაკში სერიოზული ტრავმის მიღების ალბათობა ძალიან მაღალია - განსაკუთრებით ტვინისთვის. 

რამდენად ძლიერია ბელფორტი?

ბელფორტი MMA-ს ყოფილი მებრძოლი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონია. ეს მისთვის კრივში პირველი ჩხუბი იქნება. ბრაზილიელი ოქტაგონზე ბოლოს 2018 წლის მაისში ვნახეთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო თვეებში ისიც ძალიან მაგრად ვარჯიშობდა და კრივში დებიუტისთვის ემზადებოდა, რადგან ჰოლიფილდი რომც არ ყოფილიყო, დე ლა ჰოიაც კრივის ლეგენდაა. თუმცა ახლა ბელფორტი მთლიანად ჰოლიფილდის დაბრუნებასთან დაკავშირებული ეიფორიის ჩრდილშია. ის თითქოს აღარავის ახსოვს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩხუბი ევანდერთან მოუწევს.

რა იქნება ბრძოლის მერე?

როგორც უკვე ვთქვით, დიდხანს მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ ჰოლიფილდი პირდაპირ ტაისონთა ჩხუბით დაბრუნდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის. ბევრი ინსაიდერი მიიჩნევს, რომ ჰოლიფილდი ამ ბრძოლის მერეც გააგრძელებს ჩხუბებს და მისი საბოლოო მიზანი სწორედ 3 წლით უმცროს ტაისონთან დაპირისპირებაა.

“ჩვენ გვითხრეს, რომ მაიკს ევანდეთან ჩხუბის ზედმეტად ეშინია,” - ეს ჰოლიფილდის პრომოუტერის სიტყვებია. სანდო წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიამაც დაწერა, რომ ტაისონს ეშინია, ჰოლიფილდმა ნოკაუტში არ ჩააგდოს.

რომელი იყო ჰოლიფილდის ყველაზე მაგარი ჩხუბი?

1997 წლის 28 ივნისის ისტორიული დუელი, როცა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური მოაკვნიტა, ულაპარაკოდ ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლადაა მიჩნეული და დღემდე დაუვიწყარია.

იმ დღეს, როცა ჰოლიფილდი რინგზე გადიოდა, ალბათ იმის წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ტაისონის კბილები მისთვის უფრო სახიფათო იქნებოდა, ვიდრე მისი მუშტი...

კომენტარები

ბოლო ამბები